„მსუბუქი წონის ფრენსის ნგანუა“ | ყოფილი მეტოქის ქება ილიას
იუსეფ ზალალმა ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლაზე ისაუბრა. ზალალი არის მებრძოლი, რომელთანაც „ელ მატადორმა“ UFC-ში სადებიუტო ჩხუბი გამართა და „მაროკოელი ეშმაკის“ თქმით, თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ფრენსის ნგანუ იქნება.
„აი, ესაა მოტივაციის წყარო. შეხედეთ რა გააკეთა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი ოცნების ასრულება ეცადა და მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა. მისი არჩევანი შთამაგონებელია. ჩემი ჯერი დადგება და იმედი მაქვს, როცა ეს დღე მოვა, ილია ისევ აქტიური მებრძოლი იქნება.
იმსახურებს თუ არა ეგრევე სატიტულო ბრძოლას? ვფიქრობ, იმსახურებს! ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის გარდა, მას UFC-ში წაუგებელი სერია აქვს და გაიხსენეთ, მეტოქეები როგორ დაამარცხა. ყველას მაგრად აჯობა და როცა ამას აკეთებ, საჩემპიონო შანსი ეგრევე უნდა მიიღო.
ვუყურებ მსუბუქი წონითი დივიზიონების მებრძოლებს და ვხვდები, რომ ქვემსუბუქში დარჩენა მინდა. იქ ფიზიკურად დიდი ბიჭები ჩხუბობენ, მაგრამ გვყავს ილია, რომელსაც საკუთარი ძალის სჯერა, სულერთია მისი მოწინააღმდეგე ვინაა. თოფურიას ძალას პატივი უნდა სცეთ. არ მაინტერესებს, ვინ ხართ. მის ძალას პატივი უნდა სცეთ! ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის ფრენსის ნგანუა“.
ცნობისთვის, ნგანუ ნოკაუტისთვის საჭირო ძალით არის ცნობილი და კურტის ბლეიდსი, კეინ ველასკესი, ჟუნიორ დოს სანტოსი და ჟაირზინიო როზენსტრუკი პირველ რაუნდში დაანოკაუტა. სტიპე მიოჩიჩი მეორე რაუნდში დააფინიშა, მანამდე კი ალისტარ ოვერიმსა და ანდრეი არლოვსკის სძლია საწყის 5 წუთში.