„კრიტიკა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ბრაზილიის ფაველებში ვგრძნობდი“ - ანტონი
„ბეტისის“ ბრაზილიელმა გარემარბმა, ანტონიმ, რომელიც სევილიურმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ინათხოვრა, ინგლისის პრემიერლიგაში თამაშზე, ესპანეთში ცხოვრებაზე და კრიტიკასთან გამკვლავებაზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „ხეტაფესთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გაუქმების შედეგად ის ხვალ მადრიდის „რეალთან“ თამაშს შეძლებს.
ანტონი:
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის რწმენის დაბრუნება, ეს კი „ბეტისში“ შევძელი, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველდღე თავს უკეთესად ვგრძნობ. გადამწყვეტი ფაქტორი მანუელ პელეგრინი იყო. „ბეტისში“ გადმოსვლამდე მას ვესაუბრე. მისი გამოცდილება ენერგიას მმატებს.
„რეალთან“ თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თანაც, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ.
ლა ლიგა ყოველთვის მომწონდა, ახლა კი აქ თამაშის შესაძლებლობა მომეცა. ესპანეთში ძალიან მაღალი დონეა, „ბეტისი“ კი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს.
აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ამ ქალაქში და გუნდში გატარებული ყოველი დღე სიამოვნებას მანიჭებს და „ბეტისისთვის“ მაქსიმუმის გაღებას ვცდილობ. ახლა მომავალზე საუბარი ნაადრევია. კრიტიკა ყოველთვის არის, მაგრამ ეს არაფერია იმ ზეწოლასთან შედარებით, რასაც ბრაზილიის ფაველებში ცხოვრებისას ვგრძნობდი, როდესაც პირველ რიგში ჩემს ოჯახზე უნდა მეფიქრა. ფეხბურთელების ცხოვრებაში კრიტიკა და ზეწოლა ყოველთვის არსებობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გამკლავება როგორც კრიტიკასთან, ისე ქებასთან“.
ცნობისთვის, ანტონი „ბეტისში“ მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და ანდალუსიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.