მეორე მარცხი აფრიკელებთან - ორმატჩიანი ტესტების სერია დასრულდა
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ასაკობრივ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. თუ წინა თამაშის მასპინძელი ავჭალის სტადიონი იყო, ამჯერად გუნდები ერთმანეთს დიდ დიღომში მდებარე „ლელო არენაზე“ დაუპირისპირდნენ და სტუმრებმა 15-ქულიანი სხვაობით, 12:27 გაიმარჯვეს.
პირველი ნახევარი აფრიკელებმა 10-ქულიანი სხვაობით, 15:5 მოიგეს და მასპინძლების შემადგენლობაში ერთადერთი ლელო შოთა ხელაძემ დადო, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანი ამ გუნდებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ პირველ შეხვედრაშიც აიღო. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მეორე ნახევარი მძლავრად დაიწყეს - კარგი კომბინაცია გუნდის კაპიტნის, ანდრო დვალის ლელოთი დასრულდა, გარდასახვა ზუსტად არჩილ ნოზაძემ შეასრულა და სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა. თუმცა, ამის შემდეგ სტუმრების უპირატესობა თვალშისაცემი გახდა და მათ დამაჯერებლად მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ამხანაგური თამაში გაცილებით უფრო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და სამხრეთ აფრიკელებმა 38:29 გაიმარჯვეს.