მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

დიდი საკადრო წმენდა - გუარდიოლას და სიტის გეგმები

მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების ფონზე, ზაფხულში „მანჩესტერ სიტიში“ სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შემადგენლობაში კორექტივების შეტანა გასულ ზაფხულსაც თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ პეპ გუარდიოლამ კევინ დე ბრუინს, კაილ უოკერსა და სხვა ვეტერანებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, „ატლეტიკოში“ წასული ხულიან ალვარესის შემცვლელის დამატება საჭიროდ არ ჩათვალა და „სელტიკიდან“ კეგო ფურუჰასის შეძენაზე უარი თქვა, რასაც სავარაუდოდ ახლა ძალიან ნანობს.

გუარდიოლა კარგად ხვდება, რომ ამ ამბავის გაჭინაურება აღარ ივარგებს და ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება გუნდის რეორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ქალაქელები“ დაემშვიდობებიან კევინ დე ბრუინს (33 წლის), ედერსონს (31 წლის), ბერნარდუ სილვას (30 წლის), ილქაი გიუნდოგანსა (34 წლის) და ჯონ სტოუნზს (30 წლის). ასევე იწერება იმის თაობაზე, რომ ჯეკ გრილიში, მატეო კოვაჩიჩი და მატეუშ ნუნიეში კატალონიელი სპეციალისტის გეგმებში აღარ ჯდებიან. ბევრი კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის „მილანთან“ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ უოკერს. ტრავმებისკენ მიდრეკილი მცველები ნათან აკე, მანუელ აკანჯი და რუბენ დიაში მანჩესტერელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ, თუმცა შესაძლოა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვალოს.

დე ბრუინის შემცვლელად „მანჩესტერ სიტის“ შეფები დიდი ხნის განმავლობაში ჯამალ მუსიალას მოიაზრებდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც „ბაიერნმა“ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გამოსასყიდ თანხად 175 მილიონი ევრო ჩაწერა, მუსიალას ვარიანტი გამოირიცხა და აქცენტი ფლორიან ვირცის ტრანსფერზე კეთდება. 21 წლის უნიჭიერესი გერმანელი ჯერჯერობით არ ჩქარობს და ფიქრისთვის დროც აქვს, რადგან „ლევერკუზენთან“ ხელშეკრულება მხოლოდ ორი წლის შემდეგ უსრულდება. როგორც ამბობენ, „სიტის“ წარმომადგენლები მას იანვარშიც დაუკავშირდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები არც დაწყებულა, რადგან ვირცს მშობლიური გუნდის შუა სეზონში მიტოვების სურვილი არ ჰქონდა.

„მანჩესტერ სიტის“ გარდა, ვირცის ტრანსფერით „ბაიერნი“ და „რეალიც“ ინტერესდებიან, მისი ღირებულება კი წინასწარი ინფორმაციით 120 მილიონ ევროს შეადგენს. „ქალაქელების“ შანსებს ზრდის  „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორის სიმონ როლფესის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ თავიანთი ლიდერის თაობაზე მოლაპარაკებებს ადრე თუ გვიან ნებისმიერ კლუბთან დაიწყებენ „ბაიერნის“ გარდა, რადგან არ სურთ ვირცი კონკურენტ გუნდში გაუშვან.

ბუნებრივია იგეგმება სხვა პოზიციების გაძლიერებაც - ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, არსებობს რეალური დაინტერესება „იუვენტუსის“ მარჯვენა მცველის ანდრეა კამბიაზოს მიმართ, რომლის სანაცვლოდაც „ბებერ სინიორას“ 65 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ტორინოს“ იტალიელი ფეხბურთელი სამუელე რიჩი კი პეპს მოედნის ცენტრის გასაძლიერებლად სჭირდება - 23 წლს ნახევარმცველი ტექნიკური და ჭკვიანი საყრდენია, რომელიც თამაშს არაჩვეულებრივად კითხულობს, სივრცეებს ათავისუფლებს და მკაცრი პრესინგის პირობებშიც ბურთის კარგად კონტროლი შეუძლია. ჯერ კიდევ ზამთარში სურდა გუარდიოლას „ატალანტადან“ ბრაზილიელი ედერსონ ლოურენსოს აყვანა, მაგრამ ჯან პიერო გასპერინი მას შუა ხაზის მთავარ ფიგურად მიიჩნევს და მისი დათანხმება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, არ გაუჭირდებათ მანჩესტერელებს „იუვენტუსიდან“ დუგლას ლუისის გადაბირება, რადგან ტურინელები სანდრო ტონალის დამატებას გეგმავენ და მისი მოსვლის შემდეგ ბრაზილიელი, რომელსაც პეპი როტაციის მოთამაშედ მოიაზრებს, ბიანკონერის აღარაფერში დასჭირდება.

ბევრი თვლის, რომ გაზაფხულზე „მანჩესტერ სიტის“ სატრანსფერო წესებთან დაკავშირებით სერიოზული სანქციები არ ასცდება, თუმცა როგორც ირკვევა, კლუბის ხელმძღვანელები ამაზე ნაკლებად ნერვიულობენ და ეჭვი ოდნავადაც არ ეპარებათ იმაში, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ როგორც გუარდიოლამ, ასევე კლუბის საუკეთესო ბომბარდირმა ერლინგ ჰოლანდმა კონტრაქტები ყოველგვარი ზედმეტი შეკითხვების გარეშე გაახანგრძლივეს, რადგან მათაც სჯერათ, რომ „ქალაქელებს“ წესების დარღვევასთან დაკავშირებით არაფერი დაემუქრებათ და წლევანდელი ჩავარდნის შემდეგ, წამყვანი პოზიციის დაბრუნებას მომდევნო სეზონიდან ახალი ძალებით შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა სიტის შემადგენლობაზე: რა თქმა უნდა, ტრანსფერები გვჭირდება
გუარდიოლა სიტის შემადგენლობაზე: რა თქმა უნდა, ტრანსფერები გვჭირდება