ინტელექტუალია, იცის როგორ ადაპტირდეს ჩვენს სტილთან | ენრიკე კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში ლიდერი პსჟ „პარკ დე პრენსზე’’ მე-4 ადგილზე მყოფ „ლილს’’ მიიღებს. მატჩამდე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
პირველი კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ინტეგრაციას ეხებოდა.
ლუის ენრიკე: „კვარაცხელია ინტელექტუალი ფეხბურთელია, ვინც იცის როგორ უნდა ადაპტირდეს ჩვენს სათამაშო სტილთან. მას ადაპტაციისთვის დიდ დროს ვაძლევთ. უნდა მივცეთ თავისუფლება, რათა გამოავლინოს თავისი ინდივიდუალური უნარები, ვცდილობთ მას პატივი ვცეთ და მისი საფეხბურთო თვისებები გაძლიერდეს’’.
ენრიკე მატჩების გადატვირთულ გრაფიკზე: „ასეთია ჩვენი განრიგი, ჩვენ ყველა ტურნირზე ვმონაწილეობთ. „ლილთან'' მატჩის შემდეგ „ლივერპულთან'', „რენისთან'', „ლივერპულთან'' და „მარსელთან'' ვითამაშებთ. მატჩებში ჩვენი ინტენსიურობა უნდა ვაკონტროლოთ და დრო გავანაწილოთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩებისთვის მზად არიან და მათ შეუძლიათ ისე ითამაშონ, რომ მე კმაყოფილი ვიყო''.
ტრავმის შემდეგ უორენ ზაირ-ემერი ბრუნდება. ენრიკეს თქმით, 18 წლის ნახევარმცველი უახლოეს მატჩებში სათამაშო დროს მიიღებს.
„უორენი სათამაშო დროს მიიღებს, ბალანსისთვის მნიშვნელოვანია.
დემბელეს დიდი პროგრესი აქვს, რაც გუნდის პროგრესსაც უკავშირდება. თითოეულმა ფეხბურთელმა გუნდს რაღაც უნდა მისცეს და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი მოთამაშე პროგრესირებს. ჩვენი პლუსები უნდა გავაძლიეროთ და სისუსტეები მაქსიმალურად შევამციროთ.
„ლილთან’’ მატჩი დიდი ტესტია ფეხბურთელებისთვის, რომელთაც „ლივერპულთან’’ თამაში სურთ. „ლილი’’ უმაღლესი დონის გუნდია და თამაშის სტილით „ლივერპულთან’’ მსგავსებას ვხედავ. თუ კარგად მოვემზადებით, დაღლილობა არ არსებობს. „პარკ დე პრენსზე’’ თამაში სასიამოვნოა’’.
„ლივერპული'' ამ შაბათ-კვირას დაისვენებს და შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან გამართავს. ლუის ენრიკეს თქმით, ამ ფაქტს მერსისაიდელების უპირატესობად არ მიიჩნევს, რადგან ინგლისურ კლუბს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში ხუთ მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია. ასევე, საფრანგეთის თასის ორ შეხვედრაში ერთი პენალტი მოიპოვა.
პსჟ-ლილის აღნიშნული დაპირისპირება ორ მარტს, 00:05 საათზე დაიწყება. „ლილთან'' შეხვედრის შემდეგ პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს'' დაუპირისპირდება, მატჩი პარკ დე პრენსზე 5 ნოემბრის საღამოს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
პსჟ-მ ყველა ტურნირის ჩათვლით გამართული ბოლო ცხრა მატჩიდან ყველა მოიგო, კონკრეტულად ლიგა 1-ში ბოლო ოთხ მატჩში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.