მოურინიოს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია- ჟოზეს სოლიდური ჯარიმაც დაეკისრა
ჟოზე მოურინიო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში მაყურებელმა სტამბოლის დერბი იხილა, რომელშიც პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი „ფენერბაჰჩე“ „გალათასარაისთან“ მატჩში უგოლო ფრეს დასჯერდა.
თამაშის შემდეგ მოურინიომ „გალათასარაის“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების ქცევა დაგმო და ისინი მაიმუნებს შეადარა.
როგორც Sky TG24-ი წერს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჟოზე 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა: 2 რასიზმისთვის, 2 კი - მსაჯების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამო.
ასევე ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს დაახლოებით 42 500 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში „გალათასარაი“ ლიდერობს, „ფენერბაჰჩე“ კი მას 6 ქულით ჩამორჩება.