რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

„მსოფლიო ჩემპიონატზე რვა გუნდში მოხვედრა გვინდა“ | რიჩარდ კოკერილი

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილი იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

„ამ ტურნირზე ვცდილობთ, რომ უკეთეს გუნდად ვიქცეთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენგან ყოველთვის მოგებას ელიან და ეს ხანდახან რთულია. პრინციპულია, რომ, მოგებასთან ერთად, გუნდი განვითარდეს და როდესაც უკეთეს მეტოქეებს შევხვდებით, აქ მიღებული გამოცდილება გამოგვადგეს. ვეცდებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ და მსოფლიო თასისთვის უკეთესი განთესვა გვქონდეს.

გუნდში ძლიერი შიდა კონკურენციაა, ბევრი ახალგაზრდა მორაგბე დაგვემატა და ეს მნიშვნელოვანია. ტრავმები რაგბის განუყოფელი ნაწილია და მსოფლიო თასისთვის შემადგენლობის სიღრმის შექმნა აუცილებელია. ამას აგრდა, არ მინდა, მოთამაშეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და ჩათვალონ, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვთ. თუკი ისინი არ ითამაშებენ ისე, როგორც მე მსურს, ან ვიცი, რომ შეუძლიათ თამაში, მათ ადგილზე სხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ბიჭებმა საუკეთესო უნარები მაშინ უნდა გამოავლინონ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში საქართველოსთვის თამაშობენ, ნაკრების ფორმის მორგების თითოელი შანსი მათთვის განსაკუთრებული უნდა იყოს“.

მომდევნო მატჩები

„რუმინეთი ძლიერი გუნდია. ვიცით, რომ შერკინებაში მძიმე ფიზიკური დაპირისპირება მოგვიწევს, მაგრამ ეს გამოწვევა არ გვაშინებს, პირიქით, გვსურს, რომ მათ მალე ვეთამაშოთ. ვნახეთ რუმინეთის თამაშები, მეტოქეს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ვიცით, რომ თუ საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ, აუცილებალდ მოვიგებთ.

წინასწარ საუბარი არ მიყვარს და ფინალს არ შევეხები, ჯერ ნახევარფინალია მოსაგები და მხოლოდ შემდეგ ვისაუბრებთ ფინალზე“.

რეიტინგი

„ვფიქრობ, რეიტინგი მნიშვნელოვანია და ის აჩვენებს, რომ ჩვენ სტაბილურად მაღალი დონის გუნდი გვყავს. ექვსი ერი რომ არ ვახსენოთ, მაღალი დონის გუნდებთან ტესტმატჩებს ისედაც ვიმსახურებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, საკუთარი ძალები პირველი დონის ნაკრებებთან გამოვცადოთ. რაგბი ევროპის გამარჯვებულს უნდა ეძლეოდეს შანსი ექვსი ერის გუნდებს პლეი ოფში შეხვდეს – თუ იტალია, უელსი ან სხვა ვინმე ტურნირს ბოლო ადგილზე დაასრულებს, უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, ვნახოთ, ვართ თუ არა მათზე უკეთესები“.

შავი ლომი

„„შავი ლომი“ კარგად ვითარდება, კიდევ ერთხელ მოვიგეთ სუპერთასი და ეს ძალიან იოლი იყო. შესაძლოა, გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატს შევუერთდეთ, რაც მაღალ დონეზე თამაშის შანსს მოგვცემს. ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩვენს სისტემაში განვითარების შესაძლებლობა გაუჩნდებათ. ამ ტურნირში მონაწილეობა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქართული რაგბის განვითარებისთვის. მზად ვართ და შანსს ველოდებით, რომ ორგანიზატორებმა და მსოფლიო რაგბიმ მოიფიქრონ გზა, რათა საქართველო გაერთიანებულ ჩემპიონატს დაემატოს“.

ქართული რაგბის მომავალი

„განვითარების კუთხით ვხედავთ, რომ გუნდში უამრავი ახალგაზრდა მორაგბე გვყავს. განსხვავებული სტილით ვთამაშობთ – ბურთით ხელში ვცდილობთ ლელოს დადებას. შეუძლებელია, გუნდში გყავდეს ნინიაშვილის დონის მოთამაშე და არ გინდოდეს, რომ მეტოქეს მაგრად შეუტიო. აკა ტაბუცაძე ლელოს ლელოზე დებს, უკანა ხაზში შესანიშნავი მორაგბეები გვყავს.

შვეიცარიასთან რეკორდი დავამყარეთ, ესპანეთს კი ამდენი ლელო 2001 წლის შემდეგ არ გაუშვია. გვინდა, შევინარჩუნოთ ქართული რაგბის ფიზიკურ ასპექტებზე დამყარებული კომპონენტები, რადგან ეს ჩვენს გენეტიკაშია, დიდები და ღონიერები ვართ, ბოლომდე ვიბრძვით, წაგებას არ ვეგუებით, მაგრამ აუცილებელია, საქმეში ტექნიკა და სისწრაფე ჩავრთოთ.

მსოფლი თასამდე ბევრი დეტალი კიდევ გაუმჯობესდება, განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მსოფლიო თასზე გვინდა, რომ პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გვქონდეს და რვა გუნდში მოვხვდეთ, სადაც ჯერ არასდროს ვყოფილვართ, ეს დიდი გამოწვევაა და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ | ბელალ მუჰამედი თოფურიასა და მახაჩევზე
„ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება“ | ბელალ მუჰამედი თოფურიასა და მახაჩევზე