„ძალიან კარგი სტილი აქვს, იცის ჩხუბი როგორ გაყიდოს“ | რას ამბობს ოლივეირა ილიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე ილაპარაკა. „დუ ბრონქსი“ „ელ მატადორის“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლი შეაქო.
„ილიას ავსტრალიაში შევხვდი და ძალიან თავმდაბალი და თავაზიანი ბიჭია. ჩემი აზრით, მსუბუქი წონითი დივიზიონი ერთ-ერთი ურთულესია. თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო და ამოსვლა გადაწყვიტა. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, მისი მომდევნო ჩხუბი ვისთან იქნება.
ილია მაგარი ბიჭია, მეტოქეების შეცდომაზე დაჭერა შესანიშნავად გამოსდის, ძალიან კარგი სტილი აქვს და იცის, ჩხუბები როგორ გაყიდოს. ორთაბრძოლებს მშვენივრად კითხულობს, მაგრამ როგორც ვთქვი, მსუბუქი წონითი დივიზიონი ერთ-ერთი ურთულესია და მის მომდევნო ჩხუბს უნდა დაველოდოთ.
იქნება თუ არა სამართლიანი თოფურიასთვის ეგრევე საჩემპიონო ორთაბრძოლის მიცემა? UFC-ისთვის ილია უდიდესი სახელის მქონე მებრძოლია. ევროპელი ბიჭია, რომელმაც იცის, ჩხუბები როგორ გაყიდოს და ეს შესანიშნავად გამოსდის. მოგწონთ თუ არა, ფაქტია, რომ თოფურიას აქვს ის, რაც UFC-ს სჭირდება. თანაც, ყოფილი ჩემპიონია და ტიტული არ დაუკარგავს, ვაკანტური გახადა, რათა მაღალ წონაში ასულიყო.
ჩემთვის, როგორც მებრძოლისა და ათლეტისთვის, რთულია იმის მიღება, რომ თოფურიას ეგრევე საჩემპიონო ჩხუბი მისცენ, მაგრამ UFC-ის გადმოსახედიდან, ყველაფერი გასაგებია. მან ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში ამოვიდა. თან, თქვა, ისლამის დანოკაუტებას ან საბმიშენით დამარცხება მინდაო“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში, თოფურიას ერთი ჩხუბი გამართული აქვს და ჯაი ჰერბერტი დაანოკაუტა. „ელ მატადორის“ პირველი მეტოქის ვინაობა უახლოეს პერიოდში უნდა გაირკვეს.