გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გასულ სეზონში გუნდის გადამრჩენელი იყო, ახლა კი...“ | რას წერს Marca მამარდაზე

AS-ის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილს სტატია კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, Marca-მ მიუძღვნა. „ვალენსიას მამარდაშვილის საუკეთესო ვერსია აკლია“, - ასეთია მისი სათაური და Marca მიმდინარე სეზონში, „მამარდას“ მიერ ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება.

ქართველი მეკარის ეფექტურობის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა

„მიმდინარე სეზონში, ვალენსიას, სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში 150 დღე აქვს გატარებული. ერთ-ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, გუნდის რეგრესი რამ განაპირობა, დაცვაში თამაში და გაშვებული გოლების რაოდენობაა. ვალენსიას 41 ბურთი აქვს მიღებული და მასზე მეტი გოლი მხოლოდ ლას პალმასსა და ვალიადოლიდს გაუშვიათ. ღამურებს ალავესზე (39), ლეგანესსა (38) და სელტაზე (38) ოდნავ უკეთესი შედეგი აქვთ.

მართალია, დაცვაში კარგად თამაში მთელი გუნდის საქმეა, მაგრამ დაცვის გარდა, აუცილებელია, ყურადღება გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობაზეც გავამახვილოთ. გასულ სეზონებში, განსაკუთრებით წინაში, მამარდაშვილი გუნდის გადამრჩენელი იყო, მიმდინარე გათამაშებაში კი ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც წინებში. ზაფხულში, ქართველი მეკარე ლივერპულში გადავა და საუკეთესო გამოსამშვიდობებელი წელიწადი ნამდვილად არ აქვს.

მიმდინარე სეზონში, ვალენსიას მეკარემ მონაწილეობა 21 შეხვედრაში მიიღო, 6 მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა და მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში სტოლე დიმიტრიევსკი გამოჩნდა, რომელიც თავის შანსს ელოდება. 2024/25 წლების გათამაშება მამარდაშვილის ვალენსიურ კარიერაში ყველაზე ცუდია. მან 35 გოლი გაუშვა და კარში წასული ბურთების მხოლოდ 58.3 პროცენტი მოიგერია. გიორგიმ კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა და გრაფაში, რომელიც მეტოქე გუნდების xG-ს გაშვებულ გოლებს აკლებს, მინუს 5.59 უწერია.

გასულ სეზონში, როცა ყველაზე მეტად გაიბრწყინა, მას 108 სეივი ჰქონდა და კარში წასული ბურთების 72.5 პროცენტი მოიგერია. 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. მეტოქეთა xG-ისა და გაშვებული გოლების მხრივ კი, 9.26 დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ ვალენსია 9.26 გოლისგან იხსნა, როცა მიმდინარე სეზონში მინუს 5.59 აქვს.

2022/23 წლების სეზონში, მამარდაშვილმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3420 წუთი ითამაშა და 45 გოლი გაუშვა, თუმცა, 105 სეივი ჰქონდა და კარში წასული ბურთების 70 პროცენტი მოიგერია. სადებიუტო სეზონში, გიორგიმ 18 შეხვედრაში კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და კარში წასული ბურთების 73.3 პროცენტი მოიგერია. 20 გოლი გაუშვა და 55 სეივი ჰქონდა, რამაც ახალგაზრდა მეკარის პოტენციალი აჩვენა“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 3 მარტს გამართავენ და „ოსასუნას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო მეტი შეუძლია“ | RMC-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„უფრო მეტი შეუძლია“ | RMC-ის ჟურნალისტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა