„ლოპესს მოვუგებ, ქამარს დავიბრუნებ და შემდეგ ევლოევს ვეჩხუბები“ - ვოლკანოვსკი
UFC-ის ავსტრალიელმა მებრძოლმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, რომელიც UFC 314-ზე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის დიეგო ლოპესთან იჩხუბებს, არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლოპესის დამარცხების შემთხვევაში მოვსარ ევლოევთან ჩხუბი სურს.
ვოლკანოვსკი:
„დიდი ხანია, ვიცოდი, რომ ქამრისთვის ვიჩხუბებდი. თავიდან მეგონა, რომ მეტოქე ილია იქნებოდა, შემდეგ კი ეჭვები გამიჩნდა, ვინაიდან ვიცოდი, რომ მას მსუბუქ წონაში ასვლა სურდა. ასე რომ, მეგონა, ან ილიასთან სატიტულო ჩხუბი მექნებოდა, ან დროებითი ტიტულისთვის ვინმე სხვასთან, შემდეგ კი გავიგე, რომ ეს დიეგო ლოპესი იქნებოდა.
მე უბრალოდ ჩხუბი მომენატრა, ილიასთან რემატჩი მინდოდა, ეს მოტივაციას მაძლევდა, იმიტომ რომ მომიგო და რევანშის აღება მსურდა. ახლა კი ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, უბრალოდ შევალ გალიაში და ქამარს დავიბრუნებ.
გამიკვირდა, რომ ილიამ ქამარი ვაკანტური გახადა. ვფიქრობ, ახლა ორი წონის ჩემპიონობა ძალიან რთულია, მაგრამ არიან მებრძოლები, რომლებსაც ეს შეუძლიათ. მაგალითად, ვეილი ჟანგს შეუძლია იჩხუბოს ვალენტინა შევჩენკოსთან და მეორე ქამარი მოიპოვოს. როდესაც მე შევიცვალე წონა, ორივე წონაში აქტიური ვიყავი, სატიტულო ჩხუბებიც მქონდა - ახლა ეს უფრო რთულია.
მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელია, ის ბევრს ჩხუბობს, არასოდეს ამბობს უარს რომელიმე მეტოქეზე - ვფიქრობ, ეს დასაფასებელია. ქამარს მოვიგებ და შემდეგ ევლოევს გამოვიწვევ, სამ თვეში შემიძლია ვეჩხუბო - ამაზე UFC-სთანაც აუცილებლად ვისაუბრებ“.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლა გადაწყვიტა.