უმარი ჩინელმა მებრძოლმა გამოიწვია | „მასთან ჩხუბი ძალიან მინდა“
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, სონგ იადონგმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
საგულისხმოა, რომ ეს დაპირისპირება გასული წლის 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა იადონგის ტრავმის გამო არ შედგა.
რას ამბობს სონგ იადონგი:
„ნურმაგომედოვი რეიტინგის მესამე ნომერია, ასე რომ, მასთან ჩხუბი ძალიან მინდა. ეს საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა. უმარის წინააღმდეგ გრეპლინგში ჩემი უნარების ჩვენებას შევძლებდი.
როგორც წესი, პარტერში მეტოქის გადაყვანას არ ვცდილობ, მაგრამ დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გრეპლერთან ჩხუბში საკუთარი თავის გამოცდა კარგი იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს იადონგმა ჰენრი სეხუდო მსაჯთა ტექნიკური გადაწყვეტილებით დაამარცხა, მას შემდეგ რაც სეხუდოს თვალში იადონგის თითი მოხვდა, რის გამოც ამერიკელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მისი ბოლო ბრძოლა 18 იანვრით თარიღდება, როდესაც უმარმა სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბში მერაბ დვალიშვილთან წააგო. ამ ბრძოლაში ნურმაგომედოვმა ხელის თითი მოიტეხა, რის გამოც სპორტულმა კომისიამ მას 6 თვით შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა.
აქვე გეტყვით, რომ განახლებულ რეიტინგში იადონგმა სეხუდოს დამარცხების შემდეგ პოზიციები ორი საფეხურით გაიუმჯობესა და სუპერმსუბუქი წონის მე-6 ნომერი გახდა, უმარ ნურმაგომედოვი კი მესამე პოზიციას იკავებს.