რონალდო: ყველა დროის საუკეთესო? კრიშტიანუ სამეულშიც არ არის
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ ყველა დროის ტოპ 10 მოთამაშე დაასახელა და კრიშტიანუ რონალდუს თვითაღიარებაზეც ისაუბრა.
„ფენომენი“ თვლის, რომ კრიშტიანუ ისტორიაში საუკეთესო არ არის და მეტიც, ის სამეულშიც არ შეჰყავს.
„არ მიყვარს ასეთ ისტორიებში მოხვედრა, მაგრამ როგორც წესი არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ... მირჩევნია სხვა ადამიანებმა ისაუბრონ და საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიწევდეს, იმაზე, თუ როგორი ვიყავი და ა.შ.
რონალდუს ფანტასტიკური ისტორია აქვს, არა? მან საოცარ წარმატებებს მიაღწია, გოლები გაიტანა ყველა შესაძლო გზით, მათ შორის პოზიციების შეცვლაც კარგად გამოსდიოდა, რადგან თამაშობდა როგორც გარემარბი და ასევე თავდამსხმელი. ეს არ არის ადვილი. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არ ვიცი საუკეთესოა თუ არა...
არა, არ ვეთანხმები. მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა. სამეულშიც ვერ დავასახელებდი. მე ვიტყოდი, რომ ის ათეულშია“.
რაც შეეხება „კიჭას“ ყველა დროის ათეულს, მან თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
„პელე არის ნომერ 1, ეჭვგარეშეა. მომდევნო ხაზს მესი და მარადონა იზიარებენ.
შემდეგი არიან ზიკო, რომარიო, კრიშტიანუ რონალდუ, ვან ბასტენი, ზიდანი, ფიგუ, რივალდო, რონალდინიო... ბევრი მოთამაშეა, სიაში ბევრი ვარსკვლავია და დარწმუნებული ვარ, ვიღაც გამომრჩება. ყოველთვის, როცა მთხოვენ მსგავსი გუნდი დავასახელო, სხვადასხვა სიებს ვაკეთებ. მხოლოდ პირველი სამი ადგილია ყოველთვის ერთნაირი (პელე, მესი, მარადონა).
ნეიმარი დიდი ფეხბურთელია. შეიძლება მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება აკლია, მაგრამ ოლიმპიადა მოიგო, თითქმის ყველაფერი... ის ნამდვილად ათეულშია. არ ვიცი, რამდენი მოთამაშე ვახსენე, მაგრამ ის იქნება მე-9 ან მე-10, სადღაც იქ... ყველა ეს ბიჭები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ყველა ფეხბურთელს, რომელიც მე ვახსენე, განსხვავებული თვისებები აქვს, ამიტომ არის ფეხბურთი ლამაზი.
ეს ჩემი აზრია, ბარში საუბარი, მაგრამ ამ თემას დიდი პოპულარობა აქვს, რადგან არის რამდენიმე ყოფილი მოთამაშე, რომელთაც სურთ სიაში საკუთარი თავი იხილონ. თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, როცა ამ სიაში ჩემი თავი შემყავს, მაგრამ მე ყველა მათგანით ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რადგან მსოფლიო ფეხბურთში მათი წვლილი უდიდესია“.
- განაცხადა რონალდომ ESPN-თან საუბრისას.