ტრანსფერის ფინანსური დეტალები | პსჟ-ს კვარა 80 მილიონი დაუჯდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილსამყოფელი გამოიცვალა და „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენს“ მიაშურა. იწერებოდა, რომ პარიზულ გრანდს „კვარა 70-75 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, „პარტენოპეიმ“ ოდნავ მეტი უნდა მიიღოს.
ცნობილი იტალიური გამოცემის მიხედვით, ქართველი გარემარბის რეალური ფასი 80 მილიონი ევროა. აქედან 24 მილიონი პარი სენ-ჟერმენმა იანვარში გადაიხადა, დანარჩენ 56 მილიონს კი პსჟ 4 ნაწილად დაფარავს და „ნაპოლის“ 14-14 მილიონს გადაურიცხავს.
საინტერესოა, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ღირებულება სატრანსფერო ფასზე 5 მილიონით მეტია - 85 მილიონი ევრო. ხვიჩა საფრანგეთის ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და ბრედლო ბარკოლას (65 მილიონი), აშრაფ ჰაკიმის (60 მილიონი), ჟოაუ ნევეშს (60 მილიონი) და ვარენ ზაირ-ემერის (60 მილიონი) უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.