Bild: კომპანის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია
„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ კლუბის ხელმძღვანელობისგან მიიღო გარანტიები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, თუ „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგას მოიგებს, კომპანი კლუბში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
გამოცემის ჟურნალისტის, ტობიას ალტშაფლის ცნობით, მიმდინარე სეზონი „ბაიერნისთვის“ ექსპერიმენტული გამოდგა. მას შემდეგ რაც კლუბმა ჩაბი ალონსო „ლევერკუზენიდან“ ვერ წამოიყვანა და ვერც სხვა კანდიდატები დაითანხმა (ნაგელსმანი, რანგნიკი, ტუხელი), მიუნხენელთა სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის გადაწყვეტილებით, „ბაიერნი“ 38 წლის ვენსან კომპანიმ ჩაიბარა.
ბელგიელი სპეციალისტი მანამდე „ბარნლისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდა, ახლა კი მისი „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში ალონსოს „ლევერკუზენს“ 8 ქულით უსწრებს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც სწორედ „ფარმაცევტებს“ დაუპირისპირდება.
„ბაიერნის“ ბოსებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება კომპანის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების შედეგებზე. მთავარი მოთხოვნა, რომელიც მიუნხენელთა ხელმძღვანელობამ კომპანის წაუყენა, ბუნდესლიგის მოგებას უკავშირდება.
ტობიას ალტშაფლის ცნობით, კლუბში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანისა და ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხისგან გაათავისუფლებს და სეზონის დარჩენილ ნაწილზე კონცენტრირებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე გამართულ სამ დაპირისპირებაში (1:1, 0:0 ბუნდესლიგაში და 0:1 თასზე) კომპანიმ ალონსო ვერ დაამარცხა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელების მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ფეხბურთელებს კომპანისთან მუშაობა მოსწონთ და მას მთელი გასახდელი უჭერს მხარს.