სლოტმა დარვინ ნუნიესი გააკრიტიკა - „ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ“
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა გუნდის ურუგვაელი ფორვარდი, დარვინ ნუნიესი გააკრიტიკა.
კერძოდ, ნიდერლანდელი სპეციალისტი ბოლო ორ მატჩში ნუნიესის თამაშითაა უკმაყოფილო.
„ასტონ ვილასთან“ მატჩში გაფუჭებული საგოლე მომენტის გამო სლოტმა ნუნიესი დაიცვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს წარუმატებლობა ნუნიესის საქმისადმი მიდგომაზე აისახა.
არნე სლოტი:
„მე ვუთხარი, რომ საგოლე მომენტი ყველამ შეიძლება გააფუჭოს, მაგრამ უკვე ზედიზედ ორ მატჩში არ მომეწონა ის, თუ როგორ იხარჯებოდა ნუნიესი მოედანზე - ჯერ „ვულვერჰემპტონთან“, შემდეგ კი „ასტონ ვილასთან“.
ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ფეხბურთელი 100%-ით არ იხარჯება. ეს ყველასათვის ნათელი უნდა იყოს. ერთხელ ამაზე თვალს დავხუჭავ, მაგრამ არა ორჯერ - სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ახლა ამ საკითხზე.
როდესაც საგოლე მომენტს ვერ იყენებ, გუნდის ინტერესებისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელო. ვერ ვიტყვი, რომ ის საერთოდ არ იბრძოდა, მაგრამ ეს არ იყო ის დარვინი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რომელიც ასე უყვართ გულშემატკივრებს. ეს სიყვარული მან სწორედ ბოლომდე ბრძოლით დაიმსახურა“.
ცნობისთვის, „ვულვერჰემპტონისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ მერსისაიდელები 23 თებერვალს „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდნენ, დარვინი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ურუგვაელის ანგარიშზე ამ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 6 გოლია.