„ვოლკს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ილიასთან ისევ დამარცხდებოდა“ - მაიკლ ბისპინგი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა თავის იუთუბ არხზე ილია თოფურიას მსუბუქ წონაში გადასვლასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ ისაუბრა.
ინგლისელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ თოფურიას გადაწყვეტილება ყველაზე ხელსაყრელი ვოლკანოვსკისთვისაა, რადგან რემატჩის შემთხვევაში ავსტრალიელი მებრძოლი „მატადორთან“ კვლავ დამარცხდებოდა.
რას ამბობს მაიკლ ბისპინგი:
„ვფიქრობ, ვოლკანოვსკისთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა. ის ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, საოცარი პიროვნებაა. ის ლეგენდარული მებრძოლია და ალბათ, ქვემსუბუქ წონაში ერთ-ერთი საუკეთესოც, ვინც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ არ ვიცი, თოფურიას წინააღმდეგ რემატჩი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ არა“.
„არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად დამარცხდებოდა, რადგან ყოველი ბრძოლა განსხვავებულია, მაგრამ მისთვის ძალიან ცუდი ჩხუბი იქნებოდა. თოფურიას ნოკაუტს წინ ისლამ მახაჩევის ნოკაუტიც უძღვოდა. მას ერთი წელია არ უჩხუბია და ძალები აღიდგინა, მაგრამ მაინც განსხვავებული მდგომარეობაა. ის ახლა 36 წლისაა“.
„მისი თოფურიასთან ჩხუბით დაბრუნება საუკეთესო გზა არ იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ დიეგო ლოპესთან უფრო ექნება გამარჯვების შანსები. მესმის, რომ მას საუკეთესოებთან ჩხუბი სურს და ამის გამო პატივს ვცემ, ამიტომ სურდა ილიასთან რემატჩი. თოფურიამ გათიშა და ეს მებრძოლის სიამაყესა და ეგოზე უარყოფითად აისახება, ამის გამო კი შურისძიება გინდა. თუმცა, გემი მიცურავს და ახლა, დიდი შანსია, რომ ვოლკანოვსკი კიდევ ჩემპიონი გახდეს, შემდეგ კი ტიტული ერთხელ, ან ორჯერ დაიცვას და მილიონობით დოლარი გამოიმუშაოს. მე თუ მკითხავთ, ეს ალექსადნრ ვოლკანოვსკისთვის იდეალური სცენარია“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ერთმანეთს გასული წლის თებერვალში შეხვდნენ და ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, ნოკაუტით გაიმარჯვა. იმის შემდეგ ავსტრალიელი მებრძოლი ოქტაგონზე არ გამოჩენილა, ილიამ კი ქამარი ოქტომბერში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. რამდენიმე დღის წინ „მატადორმა“ ოფიციალურად დააანონსა, რომ ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, ქამრისთვის კი UFC 314-ზე ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ.