ლივერპული სალაჰის შემცვლელად ლუკმენს განიხილავს
ადემოლა ლუკმენმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, „ატალანტას“ ნახევარმცველი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი შეექმნა ჯან პიერო გასპერინისთან, იტალიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.
27 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „ლივერპული“ იჩენს - ნიგერიელს მოჰამედ სალაჰის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებენ.
ეგვიპტელს „წითლებთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, გავრცელებული ცნობით კი, კლუბი ლუკმენის წარმომადგენლებს უკვე დაეკონტაქტა.
ადემოლას ტრანსფერით ასევე დაინტერესებულია „არსენალი“, თუმცა მათ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ლუკმენმა 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.