„მეტოქემ სამიდან ორი შანსი გამოიყენა, ჩვენ მომენტები გავაფუჭეთ“ | რა თქვა ირის ანტმანმა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი კვიპროსის წინააღმდეგ გამართა. ლარნაკაში, აეკის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა: „თამაში ცუდად დავიწყეთ და სამწუხაროდ, სწრაფი გოლი გავუშვით. პირველ ნახევარში, ბევრი შანსი გვქონდა, რომ თამაშში დავბრუნებულიყავით, მეტოქემ კი სამი შესაძლებლობიდან ორი გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო უპირატესობა გვქონდა და მეტოქეზე პრესინგს ვახორციელებდით, ერთ გოლზე მეტი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროდ, როდესაც უხეშ შეცდომებს უშვებ, ზოგჯერ თამაშში ბრუნდები, ზოგჯერ ეს არ გამოგდის. დღეს არ გამოგვივიდა, თუმცა, მომდევნო მატჩებს ველით. ამ შეხვედრაში ბევრი დადებითი მომენტი იყო, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ“.
ცნობისთვის, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 4 და 8 აპრილს მალტასთან, ჯერ საკუთარ მოედანზე, შემდეგ კი სტუმრად გამართავს.