ბითაძეს ძალიან ცოტა დრო დაუთმეს | ორლანდო კლივლენდთან განადგურდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იყო, მაგრამ „კავსის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 82:122 განადგურდა.
ბითაძეს ძალიან მცირე დრო დაუთმეს. გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 7 წუთი და 37 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარებაა. ბითაძემ ქულა საჯარიმო ხაზიდან აიღო და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. ფრანც ვაგნერმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. „კლივლენდის“ მხრიდან საუკეთესო ტაი ჯეროუმი იყო - 20 ქულა. მაქს შტრუსმა, ევან მობლიმ და დეანდრე ჰანტერმა ერთნაირი ქულები დააგროვეს - 17, დონოვან მიტჩელმა კი 11 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 29 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „გოლდენ სტეიტ უორიორსია“. „კლივლენდს“ რაც შეეხება, „კავალიერსი“ 48 მოგებითა და 10 წაგებით კონფერენციის ლიდერია.