MLS-ის ახალგაზრდული ლიგიდან საქართველოს ნაკრებში (U16) - გაიცანით გეგა დათუნაიშვილი
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანდრო კობახიძემ თურქეთთან ამხანაგური მატჩებისთვის გეგა დათუნაიშვილი გამოიძახა, რომელიც 15 წლისაა და 6 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს.
გეგა დათუნაიშვილი 2009 წლის 2 სექტემბერს თბილისში დაიბადა, 6-წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ აშშ-ში, WIT Georgia Soccer-ის აკადემიაში ირიცხებოდა. 1,5 წელია რაც ამერიკული „სედარ სტარს აკადემიის’’ ფეხბურთელია, MLS-ის ახალგაზრდულ ლიგაში, MLS NEXT-ში თამაშობს. 15 წლის გეგა ცენტრალური ნახევარმცველია (8 ნომერი). ასევე გეტყვით, რომ გეგა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მეორედ მიიწვიეს, პირველად გასულ წელს.
გეგას თამაშის კადრები
გეგა საფეხბურთო ოჯახიდანაა, მამა პაატა დათუნაიშვილი თბილისის „ვიტ ჯორჯიაში’’, ლატვიურ „დინაბურგში'', ცხინვალის „სპარტაკში'', „რუსთავსა'' და ფოთის „კოლხეთში’’ თამაშობდა. „ვიტ ჯორჯიასთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა (2004, 2010). საქართველოს 16, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და ბრუკლინში „ვიტ ჯორჯიას’’ საფეხბურთო სკოლა დაარსა. სამწვრთნელო საქმითაა დაკავებული.
ასევე გეტყვით, რომ პაატას ძმა გიორგი დათუნაიშვილი ყოფილი ფეხბურთელია. „ვიტ ჯორჯიაში’’, ქუთაისის „ტორპედოში’’, „ჩიხურაში’’, „სამტრედიაში’’, ბოლნისის „სიონსა’’ და თბილისის „მერანში’’ გამოდიოდა.