მულინი: “გავოცდი, როცა ზურიკო ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახე“
საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში სენტ-ეტიენი ანჟერს დაუპირისპირდა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ანჟერმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა.
აღნიშნულ შეხვედრაში, ზურიკო დავითაშვილი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, რაც ბევრისთვის უცნაური იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ანჟერის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტეფან მულინმა(2011/2021) დააფიქსირა.
მულინი:
„როდესაც ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვერ ვნახე გავოცდი. ის გუნდის დეტონატორია. ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელიც სენტ-ეტიენს უსაზღვრო ენერგიით ავსებს. მას მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. გამიკვირდა, რომ თავიდანვე არ ათამაშეს.
პირველ ტაიმში სენტ-ეტიენს მომენტები არ ჰქონდა, ხოლო როცა დავითაშვილი მინდორზე გამოჩნდა ვიცოდი, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა.“
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ანჟერის წინააღმდეგ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გამოჩნდა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 3:2-ს იგებდა, თუმცა 94-ე წუთზე დიენგმა წონასწორობა აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.