„კუნთებზე კრუნჩხვები ჰქონდა“ - ჩაკვეტაძემ შესაძლოა, სტოკთან მატჩი გამოტოვოს
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, ლუტონთან მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს კუნთების კრუნჩხვა ჰქონდა, რის გამოც, შეიძლება 1 მარტს, სტოკ სიტისთან გასამართი მატჩი გამოტოვოს. ქლევერლის თქმით, ჩაკვეტაძის გარდა კიდევ სამი ფეხბურთელის თამაშია საეჭვო.
რას ამბობს ტომ ქლევერლი:
„ვფიქრობ, გიორგის კუნთების კრუნჩხვები აქვს. ასევე, კევინ კებენს და იასერ ლარუჩს ბარძაყის არეში აქვთ ტკივილი, ჯეიმს მორისს კი ტერფის მცირე დაჭიმულობა აქვს. ჯერ არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა, რომ ყველა მათგანი შაბათის მატჩისთვის კარგად იყვნენ, ან ვერც ერთმა ვერ ითამაშოს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება“.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის გასულ ტურში ლუტონის წინააღმდეგ 2:0 მოგებულ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.