„ამ ჯუჯამ დიდი შეცდომა დაუშვა“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ბედი“ „ელ მატადორის“ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით, თოფურიამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.
„ილია თოფურიასთან ჩხუბი ძალიან მინდა. ესაა ორთაბრძოლა, რომელშიც ყველას დავუმტკიცებ, რომ ცდებოდნენ. თოფურია ჯუჯაა. ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი არაა. ჩვენს წონაში არ უნდა ჩხუბობდეს. ქვემსუბუქში უნდა დარჩენილიყო და ეს გადაწყვეტილება მის დაღმასვლას განაპირობებს.
დიდი შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, იცოდა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლაში, ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევდა. თოფურიამ თქვა, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მემკვიდრეობა დატოვა, რაც სრული სისულელეა. დაემარცხებინა ვოლკი მეორედ, დაემარცხებინა ლოპესი, დაემარცხებინა ევლოევი და შემდეგ შეეძლო ეთქვა, რომ დივიზიონი გაასუფთავა და სხვა წონაში გადასულიყო. ჩემპიონებს ძალიან სწრაფად უნდათ სხვა წონაში გადასვლა და ტიტულს არ იცავენ“.
ცნობისთვის, თოფურიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წონის შეცვლა გადაწყვიტა და ქვემსუბუქის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ტიტულისთვის ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, ილიას მომდევნო მეტოქის ვინაობა კი ჯერ ცნობილი არაა.