„ეს თამაში ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება“ - ჯიკიჩის და სანაძის კომენტარი
ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 63:54 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა და კალათბურთელმა, დუდა სანაძემ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასეს.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
„ვულოცავ სერბეთს, მის გულშემატკივრებს. სასიამოვნო იყო ფანების წინაშე თამაში. სერბეთი მაღალი დონის გუნდია, რომელსაც უმაღლესი მიზნები აქვს და ასეთ გუნდთან თავის გამოცდა კარგი შესაძლებლობაა. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რაღაცები კარგად წავიდა, რაღაცები ცუდად. ბევრი შეცდომა დავუშვით და ისეთი გუნდი, როგორიც სერბეთია, ასეთ შეცდომებს არ გაპატიებს. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც სერბეთია, უფრო მეტს ვსწავლობთ. იყო პოზიტიური ნიუანსებიც, მაგრამ ევრობასკეტამდე დიდი დრო გვაქვს და შეცდომები უნდა გამოვასწოროთ“.
დუდა სანაძე:
„მარტივ თამაშს არ ველოდით. ბევრი შეცდომა გვქონდა. ჩვენი გეგმა იყო, რომ მაქსიმალურად ბევრი ქულა ჩაგვეგდო და ყურადღებით გვეთამაშა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გეგმა კარგად შევასრულეთ, მაგრამ ბევრი დაკარგვა გვქონდა. ამან თამაშის ბედიც გადაწყვიტა. ამ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ზაფხულში დიდი ტურნირი გველოდება და მოსამზადებლად დრო გვექნება. ეს თამაში ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება“.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი 3 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაასრულა, სატურნირო ცხრილში კი 9 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლება მე-5 ტურში, თბილისი არენაზე დანიის ნაკრების დამარცხებით გაინაღდა. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ქვეყანაში - ფინეთში, კვიპროსში, ლატვიაში და პოლონეთში გაიმართება.