ბექა ბურჯანაძე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

მარცხი სერბეთში - მასპინძლებს დიდი ბრძოლა გავუმართეთ და პირველი ტაიმიც მოვუგეთ

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 9 ქულის სხვაობით, 63:54 დამარცხდა.

ევროპირველობაზე ასპარეზობა ორივე ნაკრებს გარანტირებული ჰქონდა და ამის გამო, გუნდებს განსაკუთრებული მოტივაცია არ ჰქონდათ, თუმცა, ამის მიუხედავად დღევანდელი შეხვედრა მაინც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მატჩში ალეკსანდარ ჯიკიჩმა თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დაასვენა, კამარ ბოლდუინი კი ტრავმირებულია და 2 კვირამდე გაუცდება.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში კონკურენტუნარიანი დაცვის ხარჯზე მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. ჯიკიჩის გუნდმა მეოთხედი 4 ქულის სხვაობით მოიგო - 13:17.

მეორე მეოთხედი თანაბარი იყო და გუნდებმა ერთმანეთის ფარში 14-14 ქულა ჩააგდეს. პირველი მეოთხედის მსგავსად, დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავედით - 27:31.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მძიმედ დაიწყო და პერიოდის სტარტზე სერბეთმა 10:0 გაქცევა მოგვიწყო, პირველი ქულები კი მეოთხედის დაწყებიდან თითქმის 5 წუთის შემდეგ ავიღეთ. თუმცა, პერიოდის მიწურულს ჯიკიჩის გუნდმა მდგომარეობის გამოსწორება მაინც შეძლო. იმის მიუხედავად, რომ პერიოდი 17:10 წავაგეთ, სხვაობა შეიძლება უფრო მაღალიც ყოფილიყო, ეს კი დიდწილად ბექა ბურჯანაძის დამსახურებაა, რომელმაც ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. დასკვნით მეოთხედამდე ლიდერობა სერბეთმა გადაიბარა - 44:41.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მეოთხედში მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა, სერბებს კი პირიქით, ყველაფერი კარგად წაუვიდათ. ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ სერბებმა სამქულიანების ხარჯზე შეძლეს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. მასპინძლებმა პერიოდი 19:13 მოიგეს, საბოლოო ჯამში კი 63:54  გაიმარჯვეს.

ორივე გუნდის შემადგენლობაში მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა ბურჯანაძე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა. 12-12 ქულა ჰქონდათ გიორგი კორსანტიასა და დუდა სანაძეს, 10 რატი ანდრონიკაშვილს, 2 სანდრო სანაძეს და 1 გიორგი ოჩხიკიძეს.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი 3 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაასრულა, სატურნირო ცხრილში კი 9 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტზე ასპარეზობის უფლება მე-5 ტურში, თბილისი არენაზე დანიის ნაკრების დამარცხებით გაინაღდა. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ქვეყანაში - ფინეთში, კვიპროსში, ლატვიაში და პოლონეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები