„ახლა სხვა სცენარია, ილიას სატიტულო ბრძოლა უნდა მისცენ“ - ბისპინგი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა თავის იუთუბ არხზე ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორმა“ მსუბუქ წონაში ასვლით საჩემპიონო ჩხუბი უკვე დაიმსახურა.
რას ამბობს ბისპინგი:
„ისლამ მახაჩევის მწვრთნელი არ თვლის, რომ თოფურია ისლამთან ჩხუბს იმსახურებს და ამბობს, რომ ამისთვის მან 155 ფუნტში ერთი ბრძოლა უნდა მოიგოს, ამას კი იმით ხსნის, რომ ისლამმა უკვე მისცა შანსი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ისინი გამუდმებით ვოლკზე ლაპარაკობენ. იმავეს იძახის ხაბიბ ნურმაგომედოვიც, რომელიც არ თვლის, რომ თოფურია შანსს იმსახურებს“.
„მაგრამ ახლა განსხვავებული სცენარია. თოფურიამ წონა შეიცვალა და საჩემპიონო ქამარი დათმო, მან 145 მიატოვა და ახლა ძალების მოსინჯვა 155-ში სურს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უკვე იმსახურებს სატიტულო ბრძოლის მიღებას“.
შეგახსენებთ, თოფურია ჩემპიონის ქამრის მფლობელი გასული წლის თებერვალში გახდა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა, ახლა კი მსუბუქ წონაში გადავიდა და შესაბამისად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა.