ზინედინ ზიდანი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლმა არ აპატია - მალუდამ ზიდანის ინციდენტი გაიხსენა

2006 წლის მუნდიალის ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი რომ არის, ამაზე ყველა თანხმდება. დამატებით დროში არგენტინელმა მსაჯმა ჰორაციო ელისონდომ ზინედინ ზიდანი მარკო მატერაცისთვის თავის ჩარტყმის გამო, მოედნიდან გააძევა, რამაც ბუნებრივია საფრანგეთის ნაკრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა და „სამფეროვნები“ იტალიის ნაკრებთან 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში დამარცხდნენ.

მაშინდელი ფორმაციის საფრანგეთის ეროვნული გუნდის დაცვის ხაზის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი ვილი სანიოლი გახლდათ, რომელიც საკუთარი მოვალეობის კარგად შესრულების გარდა, შეტევაში აქტიური ჩართვით გამოირჩეოდა. როგორც ირკვევა, სანიოლი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ზიზუს მაშინ ჩადენილი საქციელი გუნდის დაღალატებად ჩათვალა და გვერდში არ დაუდგა. ამ ყველაფერს ადასტურებს ფლორან მალუდა, რომელიც 2006 წლის ფინალის მონაწილე იყო და ყველაფერი დეტალურად მოჰყვა.

ფლორან მალუდა

თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს გასახდელში სამარისებური სიჩუმე იდგა. ზიდანმა ყველას მოგვიბოდიშა, მაგრამ არც ვიცოდით, რისთვის ითხოვდა პატიებას, რადგან მაშინ VAR-იც არ არსებობდა და ბოლომდე დარწმუნებულები გახლდათ, რომ ის უსამართლოდ გააძევეს.

უცბად ჩვენს გასახდელში ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა და მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, რომელმაც თითოეულს ზიდანის აპლოდისმენტებით დაჯილდოება და მისთვის მადლობის გადახდა გვთხოვა. ყველა დავემორჩილეთ ამ მითითებას ორი ფეხბურთელის, ლილიან ტურამისა და ვილი სანიოლის გარდა, რომლებიც დღემდე თვლიან, რომ ზიდანს საკუთარ თავზე კონტროლი არ უნდა დაეკარგა.

პირადად მე, ჟან-ალენ ბუმსონგი და ფაბიან ბარტეზი კი ლამის სიტყვით გამოვედით და ვთქვით, რომ ზიდანი ნაკრებში რომ არ დაბრუნებულიყო და ჩვენთვის საკმაოდ მძიმე შესარჩევ ეტაპზე არ დაგვხმარებოდა, არათუ მუნდიალის ფინალში, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაც სანატრელი გვექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი-იტალიის ფინალის მიმდინარეობისას, მარკო მატერაციმ ზინედინ ზიდანის პროვოცირება მისი ოჯახის წევრების სიტყვიერი შეურაცხყოფით მოახდინა, რის გამოც ფრანგმა ლეგენდამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ის მოედნიდან გააძევეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა“ - მატერაციმ ცნობილი ინციდენტი გაიხსენა
“ვუთხარი, რომ მისი და მერჩივნა“ - მატერაციმ ცნობილი ინციდენტი გაიხსენა