ქართველების მორიგი წარმატება MMA-ში - ოთხი მედალი სერბეთიდან
შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საქართველოს იუნიორებისა და სენიორების ნაკრებმა სერბეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ოთხი მედალი მოიპოვა. ქართველმა მებრძოლებმა პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და ორგანიზატორების მხრიდან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს.
საუკეთესო შედეგი რამაზან მალაკოევმა აჩვენა, რომელიც უფრო ასაკის სპორტსმენებს შორის 70,3 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ლექსო საბანაძე (+97 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო კობა ჭუმბურიძე და ბექა შაინიძე, რომელიც იუნიორებში შესაბამისად 61,2 კილოგრამ და 65,8 კილოგრამ წონებში გამოდიოდნენ, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური ტურნირი სერბეთში სხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც გაიმართა და ქართველი სპორტსმენებისთვის ასევე წარმატებული გამოდგა. გოგონებმა ნინო ცქვიტარიამ და ელენე გლურჯიძემ საპრიზო მესამე ადგილები დაიკავეს, ოთარ ბერიძე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო საუკეთესო შედეგი 56,7 კილოგრამში გიორგი პირველმა აჩვენა.