ფეხბურთში ასეთები არ ხდება - ჩეფერინი დონჩიჩის ტრეიდზე
ლუკა დონჩიჩის ტრეიდის შესახებ კომენტარებს უკვე არამხოლოდ საკალათბურთო სამყაროში, არამედ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებიც აკეთებენ. NBA-ს ერთ-ერთი ვარსკვლავის „დალასიდან“ „ლეიკერსში“ გადასვლა იმდენად მასშტაბური და სკანდალური გამოდგა, მსგავს მაგალითს სტაჟიანი გულშემატკივრები ვერ იხსენებენ. საქმეს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ გარიგების შესახებ თავად სლოვენიელმა კალათბურთელმა არ იცოდა, რის გამოც „მავერიქსის“ ხელმძღვანელებთან ახლაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დონჩიჩის თანამემამულემ, უეფას სლოვენიელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ, რომელმაც კალათბურთსა და ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს შორის საინტერესო პარალელები გაავლო.
რას ამბობს ჩეფერინი
პირადად ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი და სისულელე იყო. თვითონ ის ფაქტი, რომ ლუკამ ამის თაობაზე არაფერი იცოდა, „დალასის“ ხელმძღვანელების სისუსტესა და საქმის უცოდინრობაზე მიუთითებს, თორემ სხვა კუთხით რომ შევხედოთ სიტუაციას, დონჩიჩისთვის საგანგაშო არაფერი მომხდარა. პირიქით, მან კარიერა განაგრძო „ლეიკერსში“, რომელიც „მავერიქსზე“ გაცილებით ცნობილი და ტიტულოვანი კლუბია.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ფეხბურთში ასეთი რაღაცები არ ხდება - იჯარითაც კი, ამა თუ იმ ფეხბურთელს, მისი თანხმობის გარეშე ვერც ერთი კლუბი ვერსად ვერ გაუშვებს. სწორი საქციელი ეს არის და რაც NBA-ში მოხდა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა დონჩიჩი „დალას მავერიქსში“ ასპარეზობისას, NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე 5-ჯერ იყო, 2018 წელს კი მადრიდის „რეალთან“ ერთად ევროლიგა მოიგო.