„მისი წასვლის შემდეგ ნაპოლი დასუსტდა, მადლობა მისთვის“ | ფრანგული გამოცემა კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლიონს“ დაუპირისპირდა და 3:2 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რის შემდეგაც, ფრანგულმა გამოცემამ, So Foot-მა მას ვრცელი სტატია მიუძღვნა.
კვარაცხელიას ყველაფერი კარგად აქვს, მადლობა მისთვის
„მიუხედავად იმისა, რომ გონსალუ რამუშმა, აშრაფ ჰაკიმის მეორე გოლისას შესრულებული პასის გამო, სცენა წაართვა, ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია თქვას, რომ საკმარისი გააკეთა, რათა მატჩის საუკეთესო მოძრაობის ავტორი გამხდარიყო. ქართველი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენის პირველი შემტევი იყო, რომელიც შეცვალეს, მაგრამ აღარაფრის ჩვენება იყო საჭირო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მისი ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს. მან ლიონთან გამართულ შეხვედრაში ახალი ნაბიჯი გადადგა.
მოსაწყენ პირველ ტაიმში, ერთადერთი ნათელი წერტილი ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი იყო. უსმან დემბელეს მისამართით გაკეთებული საოცარი პასით დაწყებული, დამთავრებული სოლორეიდით, რომელმაც მეტოქე გუნდის მცველები ააცეკვა. კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ორი სახიფათო მომენტის შემოქმედი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა შესვენებაზე გასახდელს 10 მოგებული ორთაბრძოლით, 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგითა და 4 მოპოვებული ბურთით მიაშურა.
კვარაცხელია შეტევაში კონკურენციის გასაზრდელად გადმოვიდა და აშკარაა, რომ მომენტუმი მის მხარესაა. მოკრძალებული სტარტის, მონაკოსთან გატანილი გოლისა და თანაგუნდელებთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარების შემდეგ, იტალიის ჩემპიონი აჩვენებს, პარი სენ-ჟერმენმა მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო რატომ გადაიხადა. თანაც, მასზე დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ.
აშკარაა, რომ საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ, ნაპოლის სერიოზული პრობლემები აქვს. პარიზში, ხვიჩას ტრანსფერს ბრედლი ბარკოლას გამოღვიძება მოჰყვა, უსმან დემბელეს ხელახლა დაბადებამ კი საერთოდ ახალი შემტევი და ბევრისთვის მოულოდნელი ტრიო ჩამოაყალიბა. ტრიო, რომლის წევრებსაც ერთმანეთთან უფრო და უფრო უკეთესი კავშირი აქვთ, ტრიო, რომლის წევრებსაც შეუძლიათ, პოზიციები ნებისმიერ დროს გაცვალონ და ტრიო, რომლის იმედიც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ექნება. მატჩის შემდეგ, კვარაცხელიას გიორგი მიქაუტაძესთან გრძელი საუბარი ჰქონდა და შესაძლოა, ჩვენს ჩემპიონატში ახალი მეფე ვიხილოთ“, - წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას თამაში L’Equipe-მაც გამოარჩია და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი თავისუფლდება და ეს აშკარად ეტყობა.