„მისმა სოლორეიდმა მეტოქის დაცვა მოაჯადოვა“ | The Guardian-ი ჩაკვეტაძეზე წერს
ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლუტონს’ დაუპირისპირდა. „კრაზანებმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს და 2:0 მოიგეს, „ჩაკვეს“ კი გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის წარმატებულ ასპარეზობას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Guardian-ი გამოეხმაურა. The Guardian-მა ჩაკვეტაძის საგოლე მოქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და მისი სოლორეიდი გამოარჩია.
„ლუტონის საღამო უარესი გახდა, როცა მეორე გოლი გაუშვა. ჩაკვეტაძის მომნუსხველმა სოლორეიდმა ლუტონის დაცვა მოაჯადოვა და ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი კაიემბეს გადააწოდა, რომელმაც ის მეტოქის კარში შეაგორა.
ჩაკვეტაძე მატჩის ბოლომდე სახიფათო იყო და შორიდანაც დაარტყა, მაგრამ ლუტონის მეკარემ კომფორტული სეივი მიითვალა. გიორგი ახლოს იყო, თავისი ეფექტური გამოსვლა გოლით დაეგვირგვინებინა, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
ცნობისთვის, „უოტფორდს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრას პირველ მარტს, „სტოკის“ წინააღმდეგ გამართავენ. ჩაკვეტაძეს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.