ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო“ - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველების დერბი შედგა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე უსმან დემბელეს გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა ჩაიწერა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგი მიქაუტაძე კი თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო და 83-ე წუთზე შერკის გაატანინა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

ხვიჩა კვარაცხელია:

Footmercato – 7 ქულა: მატჩი მშვიდად დაიწყო, თუმცა, ცოტა ხანში ზამთრის ახალწვეულმა ის უნარები აჩვენა, რისთვისაც პსჟ-მა ამხელა ავანსები გაიღო. დემბელე მე-13 წუთზე ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქართველი პირველ რიგში ბრწყინვალე დრიბლიორია და ეს არა ერთხელ დაამტკიცა, განსაკუთრებით „ლიონის“ დაცვის შუაგულში წარმოუდგენელი სლალომის შესრულებით. მისი დარტყმა ძალიან ახლოს იყო გოლთან და საგოლე გადაცემასთანაც, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. მეორე ნახევარი ძლიერად დაიწყო, ჯერ მარცხენა ფეხით სცადა გატანა, შემდეგ კი დემბელეს გოლის ეპიზოდში ასისტი ჩაიწერა. ადგილობრივებისთვის დღეს ნამდვილი საწამლავი იყო.

Soofoot – 8 ქულა: კრავი მიკროფონთან, მგელი მოედანზე.

Parisfans - ის უკვე პარიზელია, რომელიც პირველ შეხებაში ყოველთვის და ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. თამაშში დიდი ენერგია ჩადო და თითქმის ყველა დუელი მოიგო. მან ლიონი ყველაზე მეტად დააზარალა.

Maxifoot – 7.5 ქულა: მაშინ, როცა მოთამაშეების უმეტესობა გაფუჭებულ მინდორზე იბრძოდა, ქართველი გარემარბი პირიქით, ძალიან კომფორტულად გამოიყურებოდა. კარგ ფორმაში მყოფი ყოფილი ნეაპოლიტანელი ლიონის ნახევარზე თავისუფლად დასეირნობდა და 9 დრიბლინგის მცდელობიდან 7 ზუსტი ჰქონდა. ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მას გაფუჭებული ეპიზოდები თითქმის არ ჰქონია და პასების 92% ზუსტად შეასრულა. პირველ ტაიმში დემბელეს გოლის გატანის შანსი მისცა, მაგრამ ამ უკანასკნელს მცირედი დააკლდა. მეორე ნახევარში კი დახვეწილი შეხებით კარისკენ გზა გაუხსნა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

გიორგი მიქაუტაძე:

Footmercato - მცირე დრო დაეთმო, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ლიონში საუკეთესო იყო. შერკის გადამწყვეტი პასი მისცა, შემდეგ კი აკრობატული დარტყმით სცადა გატანა.

Soofoot – 7 ქულა: დღევანდელ მატჩში საუკეთესო საქართველო იყო!

Maxifoot - შერკის საკმაოდ ლამაზი საგოლე გადაცემა გაუკეთა. აკრობატული დარტყმით ბრწყინვალე შანსი მიიღო, მაგრამ არ გაუმართლა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ში პსჟ-ის მაისურით მე-5 მატჩი ჩაატარა და მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მის ანგარიშზე 1 გოლიცაა. გიორგი მიქაუტაძისთვის კი ეს 23-ე შეხვედრა იყო და ამ დროის განმავლობაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ხვიჩა ლიონთან მატჩის შემდეგ
„რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ხვიჩა ლიონთან მატჩის შემდეგ