„კვარა კიდევ ადაპტაციის ფაზაშია და იზრდება“ - ენრიკე ხვიჩაზე და ლიონთან გამარჯვებაზე
2025 წელს ყველა ტურნირზე ჩატარებული 14 მატჩიდან „პარი სენ-ჟერმენმა“ 13 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ლუის ენრიკეს მომზადებული დედაქალაქური გრანდი შინაურ პირველობას ჯერ კიდევ წაუგებლად ლიდერობს და არამხოლოდ საფრანგეთის ლიგა 1-ში, არამედ ევროპის ტოპ 5-ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების შეჩერება ვერც გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ მოახერხა და „სენ-ჟერმენმა“ ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ამ გუნდის ასტურიელი დამრიგებელი მატჩის დასრულების შემდეგ უზომოდ კმაყოფილი ჩანდა.
ლუის ენრიკე
ბოლო პერიოდში ისე ვთამაშობთ, რომ ავტოსპორტი მახსენდება და მგონია, რომ ფორმულა 1-ის ბოლიდების სისწრაფით მივიწევთ წინ. „ლიონი“ არის გუნდი, რომელიც ორბურთიანი სხვაობითაც რომ მარცხდებოდეს, დასაკარგი არაფერი არ აქვს და ყველა ვარიანტში შემოგიტევს. მსგავსი სახის მატჩები მომავალშიც გვექნება და მაინტერესებდა, როგორ გაუმკლავდებოდნენ ფეხბურთელები ასეთ გამოწვევებს.
მე დღეს დავინახე „პარი სენ-ჟერმენის“ სახით უმაღლესი კლასის ფეხბურთელების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერი სახის თამაშში ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად მზად არის. პირველი ნახევრის ბოლოს აშრაფ ჰაკიმს ნერვული სისტემა ღალატობდა და ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი ცივსისხლიანად იმოქმედა და დუბლი შეასრულა.
„ლიონის“ საშინაო მოედნის საფარი იდეალურისგან შორს იყო, მაგრამ ეს პრობლემას როგორც ჩვენ, ასევე მოწინააღმდეგესაც უქმნიდა. როდესაც საკუთარ კარში გოლი მივიღეთ, მაშინვე წინ წავედით და შექმნილი მომენტი ცივსისხლიანად გამოვიყენეთ. მე მიყვარს რომანტიული ფეხბურთი, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არამხოლოდ გულით, არამედ გონებითაც უნდა ითამაშო.
„ლივერპულთან“ მატჩები გვიახლოვდება და ოდნავადაც არ მეშინია, რადგან მერსისაიდელებს არაფრით ჩამოუვარდებით. ეს იქნება ორი დიდი გუნდის დაპირისპირება, სადაც საუკეთესო გაიმარჯვებს.
რაც შეეხება კვარას, ის ჯერ კიდევ იზრდება. აპატაციის ფაზაშია და 100%-ს ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს, მაგრამ ერთობლივი მიზანია, რომ ყველა მატჩში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. ჩემი სურვილია კი საუკეთესო გუნდი მყავდეს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება.
ცნობისათვის, ამ გამარჯვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ მეორე პოზიციაზე მყოფ „მარსელთან“ ქულათა სხვაობა 13-მდე გაზარდა და მორიგი ჩემპიონობის გაფორმება რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.