ისევ ვერ შეაჩერეს - მიქაუტაძე პარიზული გრანდის პრობლემად იქცა
უკანასკნელ წლებში მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, გიორგი მიქაუტაძისთვის უხერხული მეტოქე ფაქტიურად არ არსებობს, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ესა თუ ის თავდამსხმელი თავის გამოჩენას უმაღლესი კლასის გუნდების წინააღმდეგ ახერხებს. ამ მხრივ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში დამკვიდრებულ ტრადიციას ევრო 2024-ის ერთ-ერთმა ბომბარდირმა ამჯერადაც არ უღალატა და იმ მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, რომელიც მას „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა დაუთმო, „პარი სენ-ჟერმენს“ მაინც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
დიახ, ბოლო პერიოდში არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე პაულო ფონსეკამ პრინციპულ თამაშში რატომღაც მხოლოდ მე-80 წუთზე ჩართო და ზუსტად სამ წუთში მეტოქის საჯარიმოში არაჩვეულებრივი დრიბლინგის ხარჯზე შეჭრილმა ქართველმა ფორვარდმა რაიან შერკს ისეთი პასი მიაწოდა, რომ მას გატანის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ძალიან მალე კი აკრობატულ ნახტომში მისი დარტყმა ჯანლუიჯი დონარუმას რომ არ მოეგერიებინა, არავინ იცის, „სენ-ჟერმენი“ ამ თამაშს მოიგებდა თუ არა.
ზემოთ პირველი წრის შეხვედრაზე მოგახსენეთ, რომელიც „პარკ დე პრენსზე“ მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს მიქაუტაძემ იმდენად ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე დონარუმას რომ ამ ყველაფერმა იტალიელი მეკარე წყობიდან გამოიყვანა. „ლიონში“ გადასვლამდე კი გიორგი დედაქალაქურ გრანდს მხოლოდ ერთხელ იყო დაპირისპირებული, როდესაც „მეცმა“ საკუთარ სტადიონზე პარიზელებთან 0:2 წააგო და მან 90 წუთი გაატარა მოედანზე.
ცნობისათვის, ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია.