ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - ლევანტემ მირანდესს მძიმე ბრძოლაში მოუგო
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „მირანდესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ამით, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი მოედნის ცენტრში გამორჩეული იყო და ცნობილი ანალიტიკური პორტალ Sofascore-სგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.3.
„ლევანტეს“ ერთადერთი გოლიც გიორგი ქოჩორაშვილის კარგ თამაშს მოჰყვა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი ჩაჭრა, შემდეგ პასი რომეროს გადასცა და ამ უკანასკნელმაც ალვარესს გაატანინა. შესაბამისად, ქოჩორაშვილმა პრეასისტი მიითვალა.
მატჩი განსაკუთრებულად შეხვედრის მიწურულს დაიძაბა, როდესაც მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელს თითო-თითო წითელი ბარათი უჩვენა. არბიტრმა დამატებულ მეოთხე წუთზე უხეშობის გამო მოედნიდან ჯერ „მირანდესის“ ფეხბურთელი, იზაგირე გააძევა, ზუსტად ერთ წუთში კი წითელი ბარათი ლევანტეს ფეხბურთელს, დელას უჩვენა.
ქართველი ფეხბურთელი დღევანდელ მატჩში ბურთს 94-ჯერ შეეხო, 59-დან 55 ზუსტი პასი ჰქონდა, მათ შორის 1 საკვანძო პასი. კარის მიმართულებით 3-ჯერ დაარტყა - 1 არაზუსტად, 2 დაიბლოკა. 6 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა. 13-დან 7 პოზიციური დუელი მოიგო, სახიფათო სიტუაცია ერთხელ განმუხტა და 3 წარმატებული ართმევა ჰქონდა.
გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 23-მე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. 28 ტურის შემდეგ მისი გუნდი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ელჩეს“ 3 ქულით ჩამორჩება. „ლევანტე“ მომდევნო ტურში სტუმრად „ელდენსეს“ დაუპირდაპირდება.