საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მარცხი ატალანტასთან - ემპოლის და გოგლიჩიძის სუსტი მატჩი

იტალიის სერია A-ს XXVI ტურში „ემპოლიმ“ საკუთარ სტადიონზე ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ატალანტასთან“ მძიმე მარცხი განიცადა. მას შემდეგ რაც ბერგამოელები როგორც კოპა იტალიას, ასევე ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ, შიდა ჩემპიონატის სახით ერთადერთი საზრუნავი დარჩათ, რაც „კარლო კასტელანიზე“ გამართულ შეხვედრაშიც კარგად ეტყობოდათ და ჯან პიერო გასპერინის გუნდმა საბა გოგლიჩიძესა და მის თანაგუნდელებს მარტივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 5:0 მოუგო.

თუ თავდაპირველად ტოსკანელები სტუმრებს მცირე წინააღმდეგობას უწევდნენ და დროის ამ მონაკვეთში ქართველმა უკანა ხაზელმაც ორჯერ განმუხტა ვითარება, 27-ედან 43-ე წუთამდე საკუთარ კარში ერთბაშად სამი გოლი მიიღეს. ანგარიში საჯარიმოს გარედან დავიდე ძაპაკოსტას დარტყმის შედეგად გაიხსნა, როდესაც გზად ბურთი ემანუელე გიასის მოხვდა და ისე გავიდა მარკო სილვესტრის კარში. მეორე გოლის დროს ბერატ ჯიმისტიმ „ემპოლის“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა გოგლიჩიძეს მოუგო და ისე დაუგდო ბურთი მატეო რეტეგის, რომელმაც სხვაობა გაზარდა. პირველი ნახევრის ბოლოს კი ადემოლა ლუკმენისკენ რეტეგის მიერ გაკეთებული ჭკვიანური პასი საბასა და მის პარტნიორებს გაეპარათ და ნიგერიელმა ტექნიკური დარტყმით აიღო მასპინძლების კარი. ლუკმენმა „ემპოლის“ დაცვის ხაზის ჩავარდნით მეორე ნახევარშიც ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში მას არც თანაგუნდელი ჩამორჩა, ძაპაკოსტამაც შეძლო მეორე ბურთის გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება 20 წლის ქართველ მცველს, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ატალანტას“ მეორე და მესამე გოლის დროს, გოგლიჩიძეს უკეთ მართებდა თამაში.  მისი ასპარეზობა Sofascore-მა ათბალიანი სისტემით 5.3-ით შეაფასა. საბამ 90 წუთის განმავლობაში ექვსი ორთაბრძოლიდან სამი მოიგო, პოზიცია ცხრაჯერ დაკარგა, ბურთს 38-ჯერ შეეხო და მის მიერ გაკეთებული 28 პასიდან ზუსტი 22 აღმოჩნდა.

ამ მარცხის შემდეგ „ემპოლი“ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა და 21 ქულით მეთვრამეტე პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები იტალიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „იუვენტუსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, ოთხშაბათს, ღამის 12 საათზე დაიწყება. სერია A-ში კი, ტოსკანური კლუბის შემდეგი მეტოქე 2 მარტს, სტუმრად „ჯენოა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმის ფრე ლაიპციგთან - ბუდუ 83-ე წუთზე შეიყვანეს
ჰაიდენჰაიმის ფრე ლაიპციგთან - ბუდუ 83-ე წუთზე შეიყვანეს