სალაჰის და ლივერპულის მორიგი შოუ - სლოტის გუნდმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
სათამაშო უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში პეპ გუარდიოლას გუნდი ფლობდა, თუმცა, მანჩესტერელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც მე-14 წუთზე ჯერ ანგარიში გახსნა, 37-ე წუთზე კი დომინიკ სობოსლაის გაატანინა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
საგულისხმოა, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. ამ დროისთვის, მის ანგარიშზე 25 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. ამასთან, სალაჰი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონთან ლიგის ორივე მატჩში გოლს+საგოლე გადაცემის დაფიქსირება შეძლო.
ამ გამარჯვებით „ლივერპულმა“ სატურნირო ცხრილში 64 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან არსენალს 11 ქულით გაუსწრო. არნე სლოტის გუნდმა პრემიერ ლიგის ჩემპიონობისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ პეპის გუნდი 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
მომდევნო ტურში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ მიიღებს, „მანჩესტერ სიტი“ კი სტუმრად „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.