11 მედალი 2 თვეში - ქართველი პარასპორტსმენების საოცარი სტარტი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პარასპორტის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ეს ყველაფერი საერთაშორისო ტურნირებზე პარასპორტსმენების ასპარეზობაზეც სათანადოდ აისახება. 2025 წელი ჯერ ორი თვეც არ არის რაც დაიწყო და ჩვენი ქვეყნის სახელით, სპორტის სამ სახეობაში, ეტლით ფარიკაობაში, პარატაეკვონდოსა და პარაძიუდოში ქართველმა სპორტსმენებმა უკვე 11 მედლის მოპოვება შეძლეს.
პარამოფარიკავეებმა წარმატებას ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გამართულ მსოფლიოს თასზე ორ დისციპლინაში მიაღწიეს. საუკეთესო შედეგი ირმა ხეცურიანმა აჩვენა, რომელიც ხმალში - ოქროს, რაპირაში კი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ხეცურიანის მსგავსად, ხმლით ფარიკაობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ნინა თიბილაშვილი, რომელიც უმედლოდ არც რაპირაში დარჩენილა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გვანცა ზადიშვილს, როგორც ხმალში, ასევე რაპირაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ეტლით ფარიკაობის ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში უსინათლოთა შორის პარაძიუდოს პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდის წევრებმა ასპარეზობა ორი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულეს. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშიკო შიობრიშვილი ფინალამდე მივიდა და ყაზახ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ხოლო რამინი ყიფშიძე (95 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
2025 წლის პირველი მედლები კი ქართულ პარასპორტს ტაეკვონდოისტებმა მოუტანეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, 2024 წლის საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ანა ჯაფარიძის შთამბეჭდავი გამოსვლა, რომელიც აღებულ ტემპს წელსაც არ აგდებს და თურქეთის ქალაქ ანტალიის პრესტიჟული გრან პრი მოიგო. ამავე შეჯიბრებაში კი კიდევ ორმა ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ლია ჩაჩიბაიამ და გიორგი ნიკოლაძემ კი, ბრინჯაოს პრიზიორობა იზეიმეს.