ჰაიდენჰაიმის ფრე ლაიპციგთან - ბუდუ 83-ე წუთზე შეიყვანეს
გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ლაიპციგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან 83-ე წუთზე შემოვიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. დარჩენილი დროის განმავლობაში ბუდუს გოლის გატანის შანსი არ ჰქონია.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ჰაიდენჰაიმი“ თავდაპირველად ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ანგარიში მე-6 წუთზე ჰონსაკმა გახსნა, მე-13 წუთზე კი პიერინგერმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს „ჰაიდენჰაიმის“ კარში ერთი ბურთი გაქვითეს, თავი ოპენდამ გამოიჩინა, ანგარიში კი 64-ე წუთზე შეშკომ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ კვლავ სადებიუტო გოლის მოლოდინშია. 31 წლის შემტევმა ბუნდესლიგაში მე-8 მატჩი ჩაატარა, კონფერენს ლიგაზე კი 2 შეხვედრას მოუყარა თავი, თუმცა, გოლის გატანა ჯერ კიდევ ვერ შეძლო.
23 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში კვლავ გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზე იმყოფება. ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 მარტს, საკუთარ მოედანზე „ბორუსია მიონხენგლადბახის“ წინააღმდეგ გამართავს.