გოლი და პრეასისტი - კიტეიშვილის კარგი მატჩი და შტურმის მნიშვნელოვანი გამარჯვება
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ლინცს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კიტეიშვილმა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მე-18 წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ჯერ ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე კი პრე-ასისტი მიითვალა, რის შემდეგაც ანგარიში 2:0 გახდა.
„ლინცმა“ 83-ე წუთზე სხვაობით მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
საბოლოოდ, „შტურმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. 19 ტურის შემდეგ გრაცელები 40 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორეადგილოსან ვენის „ავსტრიას“ 3 ქულით უსწრებენ.
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-19 მატჩი ჩაატარა და მე-7 გოლი გაიტანა. ამის გარდა, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა.
მომდევნო ტურში „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება. მატჩი 2 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.