დასანანი მარცხი აფრიკელებთან - წინ მეორე მატჩია
მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა, მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 9-ქულიანი სხვაობით, 29:38 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის სტარტზე სტუმრებმა სამჯერ აიღეს მასპინძლების ჩათვლის მოედანი 19-ქულიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა ლადო კილასონიას მომზადებულმა მორაგბეებმა სიტუაცია მალევე გამოასწორეს და სამი ლელო დადეს, რის შემდეგაც შესვენებაზე, საბრძოლო ჩამორჩენით, 17:26 გავიდნენ. საქართველოს ნაკრების მხრიდან თითოჯერ მეტოქის ჩათვლის ზონაში შოთა ხელაძემ, საბა ლაღაძემ და ბექა მეფარიძემ შეაღწიეს.
მეორე ნახევარში დუბლი ლაღაძემ შეასრულა და საფინალო სირენამდე ათი წუთით ადრე ქართველი მორაგბეები ანგარიშში წინ გავიდნენ, თუმცა მოწინააღმდეგემ გამოცდილებისა და იმის ხარჯზე, რომ ისინი ამ მატჩისთვის უფრო დიდხანს ემზადებოდნენ და უფრო ხანგრძლივი შეკრება გაიარეს, გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ტესტების სერიის მეორე შეხვედრა 28 თებერვალს უკვე „ლელო არენაზე“ შედგება და 15:00 საათზე დაიწყება.