ბექა საღინაძე
Aa
Aa

საღინაძის ლელო - ლიონის დასანანი მარცხი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარეს. მართალია, TOP 14-ის XVII ტურში „ლიონი“ სტუმრად „კასტრთან“ 5-ქულიანი სხვაობით, 25:30 დამარცხდა, თუმცა საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ამაში დამნაშავეები ყველაზე ნაკლებად იყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მარცხით რონისპირულმა გუნდმა 3-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში პროგრესირება დროებით შეაჩერა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იყო და საღინაძე-ნინიაშვილის დუეტის გარდა, სასტარტოში ირაკლი აფციაურიც მოხვდა, მასპინძლები კი შერკინების ლიდერის, ლევან ჩილაჩავას გარეშე ასპარეზობდნენ. 27-ე წუთზე საღინაძემ ლელო დადო და „ლიონი“ რომ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, სწორედ მის მიერ მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებამ განაპირობა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, დასაწყისიდანვე კასტრელებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს და მართალია, 67-ე წუთზე ნინიაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა, მაგრამ ამ ყველაფერმა მისი გუნდი წაგებისგან ვერ გადაარჩინა.

ჩვიდმეტ ტურში დაგროვებული 37 ქულით „ლიონი“ TOP 14-ის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი ეს გუნდი 1 მარტს, საკუთარ სტადიონზე „ტულონთან“ გამართავს, სადაც სავარაუდოდ ნინიაშვილი-საღინაძის დუეტი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარება, რადგან მათ საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებში რუმინელებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი აქვთ გასამართი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული“ - საქართველოში იაპონია ჩამოვა
„ევროპული ტურის შესანიშნავი დასასრული“ - საქართველოში იაპონია ჩამოვა