ჩელსი, დევიდ ლუიზი, პარი სენ ჟერმენი
Aa Aa

ცხოვრების მთავარი მოგონება | დევიდ ლუიზი მწვრთნელის რანგში და ბედნიერი ემიგრანტები

იყო პერიოდი, როდესაც დევიდ ლუიზი საფეხბურთო სამყაროში კაშკაშებდა.. მეტიც, მის გარეშე ბრაზილიის ნაკრები წარმოუდგენელიც კი იყო..

დევიდზე ალბათ ბევრი გსმენიათ, მაგრამ არსებობს ისტორიები, რომლებიც ბევრმა არ იცის. ასეთ ისტორიებს თავად ფეხბურთელები უკეთესად ჰყვებიან და მოდით დღეს ლუიზს მოვუსმინოთ..

„ჩემი სახელი ფეხბურთის ყველა მოყვარულმა იცის, მაგრამ მე არ ვარ მხოლოდ ერთი დღე, მე არ ვარ უბრალოდ მატჩი, მე არ ვარ უბრალოდ მოთამაშე ან უბრალოდ გოლი.. მე არ ვარ ის ბიჭი, რომელზეც ბევრს საუბრობენ.. იცით? ხშირად მინდა, რომ ცოტა ზედაპირული ვიყო..

ჯობს ერთხელ და სამუდამოდ ჩემით გითხრათ ვინ ვარ.. ჩემს თავთან ყველაზე მიმსგავსებული და სწორი სიტყვა ალბათ არაფრის მოყვარეობა იქნება..

კარგი.. მე ორი ბრაზილიელი მასწავლებლის შვილი ვარ. ვისაც ჩემი გაცნობა სურს, უნდა გაიგოს, რას ნიშნავს ეს ჩემს ქვეყანაში. ჩემი ღირებულებები, ჩემი პრინციპები, ჩემი ოცნებები, ჩემი იდეები.. როგორ ვუყურებ ცხოვრებას და რამდენად ვცდილობ მასში პოზიტივის პოვნას. დღე არ გავა, რომ ჩემი მშობლების მიმართ პატივისცემა და მადლიერება არ ვიგრძნო იმის გამო, თუ საიდან დავიწყე, როგორი განათლება მომცეს და სადამდე მოვედი..

ჩემმა მშობლებმა დიადემაში პატარა ბინა იქირავეს. ისინი დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე მუშაობდნენ. ამიტომაც 7 წლის ასაკიდან საკუთარ სარეცხს ჩემით ვრეცხავდი. კარგად ვიცი, რომ თეთრი ტანსაცმელი სარეცხი მანქანის ჩართვამდე წინასწარ უნდა იყოს გაჟღენთილი და რომ არ შეიძლება ძალიან ბევრი ქსოვილის დამარბილებლის გამოყენება, მაგრამ დედაჩემის გასაბრაზებლად ყოველთვის ვაჭარბებდი, რადგან მინდოდა, რომ ჩემს ოფლიან ფეხბურთის მაისურს სასიამოვნო სუნი ჰქონოდა..

11 წლის ასაკში სკოლაში საღამოს ცვლაში გადავედი. ასე სან პაულუში ვარჯიშს შევძლებდი. იცით? სავარჯიშო მოედანი ჩემგან შორს იყო. იქამდე მისასვლელად 3 ავტობუსი უნდა გამომეცვალა. შაბათ-კვირას საგაზეთო სტატიებს ვკითხულობდი, რომლებსაც მამაჩემი არჩევდა და შემდეგ მის კითხვებს ვპასუხობდი:

„რა გაიგე?“

„რა არის შენი მოსაზრება ამ საკითხზე?“

„ამას შენ ცხოვრებაში როგორ გამოიყენებ?“

იმასაც ვიაზრებ, რომ ბევრ სხვა ბავშვთან შედარებით პრივილეგირებული ვიყავი, რადგან ჩემი მშობლები მუდამ ჩემთან იყვნენ, მფარველობდნენ, სიყვარულს მაძლევდნენ და ცხოვრების საუკეთესო გზებს მაჩვენებდნენ. მე ამის შედეგი ვარ. ბავშვობის და თინეიჯერობის წლებში ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მქონდა. ჩემი შრომის შედეგად კი საშუალება მომეცა გამეცნო სხვადასხვა ქვეყნები, კულტურა და ხალხი..

ღარიბი ქალაქის გარეუბანში ან ფეხბურთის სტადიონებთან სეირნობისას, მე განვიცდიდი რაღაცებს, რაც ჩემთვის ცოტა ექსტრემალური იყო. ყველა მათგანი კარგი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არასდროს დამიშვია, რომ საკუთარი „მე“ გამქრალიყო და რაიმეს ჩემი პიროვნება შეეცვალა..

მოდით მოვლენებს ცოტა გავუსწრებ და ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჩემს ქალიშვილებს სკოლაში მივაკითხე და იქ სხვა ბავშვის მამამ წინა დღეს ჩემს წაგებულ მატჩზე ცუდად იხუმრა. ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ თითქოს ვერ გავიგე რა თქვა. პასუხის გაცემა არ მსურდა, მხოლოდ გოგოებთან ერთად მშვიდად სახლში დაბრუნებაზე ვიყავი ორიენტირებული. სამწუხაროდ ვერ მოვითმინე, იმ კაცთან მივედი და რამდენიმე კითხვა დავუსვი:

„მოდით დავილაპარაკოთ. გუშინ წავაგეთ არა? და შენც იგრძენი ეს წაგება, მაგრამ დღეს ჩვენ აქ შვილების წასაყვანად ვართ მოსული. ეს არის ის, რასაც ისევე ვაფასებ, როგორც ნებისმიერ გამარჯვებას. შენ რას იტყვი?“

ხმა არ ამოუღია..

ფეხბურთი განსაკუთრებული რამ არის, რადგან ის ადამიანებს შორის კავშირის საშუალებას იძლევა და ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვნები არიან მსოფლიოში!!..

ყველაფერს აქვს ფასი - სახლს, მანქანას და ასევე კერძო სკოლაში განათლებასაც აქვს ფასი!! მაგრამ მთავარია ხალხი და რას აკეთებენ ისინი.. როგორც გითხარით ფეხბურთი ადამიანებს შორის კავშირს უზრუნველყოფს, რამაც შეიძლება ჩვენი აღქმა ცხოვრების შესახებ თავდაყირა დააყენოს. რა თქმა უნდა, მოედანზე სიამოვნებით ვიზიარებ გულშემატკივრების ზეიმს, მაგრამ ძალიან მინდა ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ვგრძნობ თავს დამარცხების შემდეგ..

დამარცხებული გულშემატკივრის ემოცია იმედგაცრუებასთან ასოცირდება, მაგრამ მათი იმედგაცრუება ხშირად ფეხბურთთან არაფერ შუაშია. ეს უკვე მათი ცხოვრების პრობლემებია და ფეხბურთი არის ის, სადაც ისინი ამ ყველაფერს აფრქვევენ. ეს არის გაქცევის სარქველი ყველა იმედგაცრუებისთვის. ჩვენ იძულებულნი ვართ მათი ემოციები გავიზიაროთ..

მოიცადეთ.. არ იფიქროთ, რომ მე ვინმეს განვსჯი. მე უბრალოდ პირად გამოცდილებას გიზიარებთ როგორ გავიზარდე, როგორც ადამიანი, სპორტსმენი და ბიჭი, რომელიც ამ სამყაროშია და მის შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს. რა თქმა უნდა, მე ამ ცნობიერებით არ დავბადებულვარ, რაც დღეს მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ოჯახურმა წარმომავლობამ ბევრი რამ პატარაობაში მასწავლა..

თინეიჯერობის ასაკში უცოდინარობის დღეებიც მქონდა, მაგრამ ვის არ ქონია? ერთ-ერთი ასეთი შეცდომა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც სან პაულუს შევუერთდი. მე ჩემი გაკვეთილი ვისწავლე და როცა რაღაც მნიშვნელოვანს ვსწავლობ, მისი ხაზგასმა მომწონს.

იცით რა მოხდა? სან პაულუში ყალბი ბუცებით ჩავედი, რომელიც ქუჩის გამყიდველისგან ვიყიდე. სხვა ბავშვებს კი Nike და Adidas ეცვათ. ერთ დღეს, თანაგუნდელის სახლში ვრჩებოდი. დედამისმა ბუცების საყიდლად წაგვიყვანა. მაღაზიაში Nike-ის უმაღლესი კლასის ვერცხლის ბუცები დაგვხვდა, რომელსაც რონალდინიო და დენილსონი ატარებდნენ. 600 ფუნტი ღირდა და იცით რამდენი იყო ეს იმ წლებში? მოწყენილი ვიყურებოდი. გუნდელის დედას ტელეფონი გამოვართვი, მაღაზიიდან გამოვედი და ვითომ დედაჩემთან დავრეკე. ზარი გავაყალბე.. შემდეგ კი ისევ უკან დავბრუნდი..

მოვიტყუე.. იმ ქალს ვუთხარი, რომ დედა ბუცების ყიდვას დათანხმდა და როდესაც საკრედიტო ბარათის ანგარიში მოვიდოდა, დედაჩემი ფულს გადაურიცხავდა..

არ ვიცი, დედაჩემი უფრო ტყუილით იყო იმედგაცრუებული თუ იმით, რომ მას ამხელა თანხის გადახდა არ შეეძლო.. ვთვლი, რომ იმ მომენტში მოვიქეცი ისე, როგორც საზოგადოება მოელოდა და ახლაც მოელის.. იყავით ისეთივე, როგორიც სხვები, ნუ იქნები შენი თავი. შეეცადეთ იყოთ ის, ვინც არ ხართ, რადგან ეს ასეა და არ შეიცვლება.. ხვდებით ახლა რამხელა ტყუილი ვთქვი? არა ასე არასდროს უნდა მოიქცეთ!!

სოციალური მედიის განვითარებამ ეს მიდგომა უფრო აშკარა გახადა და შესაძლოა ამიტომაც არის, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად არიან დეპრესიულები. ჩვენ დღეში 8-ის ნაცვლად 15 საათს ვმუშაობთ. იძულებულნი ვართ ვიჩქაროთ, რადგან დრო არასდროს არ გვაქვს.. ძნელია ასე „ცხოვრება“.. და კიდევ უფრო ძნელია გაბედო იყო განსხვავებული..

დედაჩემს ზეგანაკვეთური მუშაობა მოუწია, რომ ბუცების საფასური გადაეხადა. ცხოვრება ძალიან უცნაურია.. დადგა დღე, როდესაც Nike-მა ჩემი სპონსორობა გადაწყვიტა. ტყუილით ნაყიდი ბუცები დიდ ჩარჩოში ჩავსვი და დედაჩემს დღემდე თავის საძინებელში აქვს ჩამოკიდებული. სწორედ ასე ვიპოვე მისთვის მადლობის გადასახდელი გზა. მინდოდა მშობლებისთვის მეჩვენებინა, რომ ჩემი გზა ვიპოვე. მათ გარეშე ვერასდროს ვიცხოვრებდი იმ ცხოვრებით, როგორც დღეს ვცხოვრობ. ჩარჩოში ჩასმული ვერცხლის ბუცები არის შეხსენება და ჩვენი ოჯახის მოგზაურობის პატივისცემის საშუალება..

ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი შეხსენება არის ჩემი ბინა ლისაბონში. რა თქმა უნდა, როდესაც მეტი შესაძლებლობა გამიჩნდა ჩემს მშობლებს სახლი ვუყიდე, მაგრამ პირადად ჩემთვის მაშინ ვიყიდე, როცა ბენფიკასთან სარფიანი კონტრაქტი გავაფორმე. ის სახლი იმდენად შემიყვარდა, რომ რემონტი ჩემი ხელით გავაკეთე. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, მაგრამ ის ბინა არ გავყიდე. იქ უბრალოდ დგას და ხანდახან ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ის სახლი ტკბილ პერიოდს მახსენებს და შრომის ფასს კიდევ ერთხელ მანახებს..

ბენფიკაზე საუბარიც კი საინტერესოა, რადგან იქ მეტად უცნაური მიზეზის გამო მოვხვდი. კლუბს ჩემი აგენტის ვალი ჰქონდა და მე ვალის ლიკვიდაციისთვის გადამიყვანეს, მაშინ, როცა პორტუგალიის მესამე დივიზიონში, ვიტორიაში ვთამაშობდი და ლისაბონში ზამთრის შუა პერიოდში ზაფხულის მაისურით ჩავედი..

ნება მომეცით ცოტა უფრო შორს დავბრუნდე..

სან პაულუს აკადემიაში, ერთ დღეს, მითხრეს საკმარისად ვერ გავიზრდებოდი, რომ წარმატებული ფეხბურთელი ვყოფილიყავი. წავედი ამერიკა მინეიროში, რომელსაც იმ დროს ისეთი სტრუქტურა ჰქონდა, რომ ჩემთვის მისაღები იყო.

ვერ ვიტყვი, რომ შიმშილით ვკვდებოდი, მაგრამ სამი დღე საკვების გარეშე დავრჩი. საუზმეზე 150 ბავშვისთვის 40 პური იყო გამოყოფილი. ლანჩზე ერთი თეფში დაფქული ლობიო. სადილისთვის კიდევ ერთი თეფში.. ჩვენ ხშირად ტყეში დავდიოდით, რათა ავოკადო მოგვეპოვებინა.. სამი თვე გავძელი და შემდეგ გავიქეცი..

დიადემაში დავბრუნდი და ვიტორიაში წასულმა მეგობარმა მითხრა: „დევიდ ვიტორიას ნახევარმცველი სჭირდება.“ - მე ჯერ კიდევ მარცხენა ნახევარმცველი ვიყავი და წავედი, მაგრამ მხოლოდ მეორე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და მუდმივად სკამზე ვიჯექი. თამაში მინდოდა!! ერთ დღეს, ორივე ცენტრალური მცველი დაშავდა. მწვრთნელს ვთხოვე, როგორც მცველი ისე ვევარჯიშებინე. „გაგიჟდი შვილო?“ - მკითხა მან, მაგრამ არ გავტყდი და საბოლოოდ მან დათმო!! სეზონი, როგორც საუკეთესო მცველმა ჩემპიონატში, ისე დავასრულე!!

რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემმა აგენტმა ბელგიური ანდერლეხტის სკაუტები მოიყვანა და ჩემს თამაშს აყურებინა.

„დევიდ, შენ პრაქტიკულად გაყიდული ხარ. წადი ბარგი ჩაალაგე“ - მითხრა აგენტმა

2006 წელი იყო. ჩვენ კვლავ მესამე დივიზიონში ვთამაშობდით, მაგრამ სერია B-ში ადგილი გარანტირებული გვქონდა. ანდერლეხტის მწვრთნელი, დირექტორი და პრეზიდენტი კრიციუმასთან სტუმრად გასამართ მატჩზე მოვიდნენ. ძალიან ძლიერი წვიმა იყო. 70-ე წუთისთვის 0:6-ს ვაგებდით. ბელგიელებმა ზურგი შეგვაქციეს და წავიდნენ. წავიდნენ ისე, რომ არაფერი თქვეს..

ჩემზე უარი თქვეს.. დღეს მხოლოდ წარმომიდგენია, რას ვიტყოდი ანდერლეხტში, რომ წავსულიყავი.. ვიტორიაში დავრჩი და საზარდულის მძიმე ტრავმა მივიღე. ვერ ვთამაშობდი და სიარულიც მიჭირდა. მოულოდნელად ჩემმა აგენტმა ისევ დამირეკა და მკითხა მქონდა, თუ არა პასპორტი. წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ვუპასუხე: „დიახ, კლუბის ოფისში დევს, იქ უნდა იყოს.“

რა თქმა უნდა, არ უნდა მქონდა და კლუბის ოფისში ვერ იდებოდა. მოგვიანებით ის დიადემაში ვიპოვე..

იმავე ღამეს სალვადორიდან სან პაულუში უნდა გავფრენილიყავი, შემდეგ კი ლისაბონში. სამედიცინო შემოწმება უნდა გამევლო და ბენფიკასთან კონტრაქტს შემდეგ გავაფორმებდი. იქამდე, სანამ ჩემს პასპორტს ვეძებდი, რეისზე დავაგვიანე.. სწორედ მაშინ გავხდი სასოწარკვეთილი. სან პაულუ ლისაბონის რეისი იმ საღამოს 10:30-ზე გადიოდა. ჩემი აგენტი გაგიჟდა, შეიშალა და ყვიროდა. 8 საათზე ჯერ კიდევ სალვადორში ვიყავი უთავო ქათამივით..

„ახლა რა ვქნათ?“

„მოითმინე ერთი წუთით, მე ვიპოვი გზას“ - თქვა აგენტმა

იმ მომენტში, იმ დროისთვის ცნობილი მომღერალი ივეტ სანგალო პირადი თვითმფრინავით ლისაბონში მიემგზავრებოდა და მან თვითმფრინავით სარგებლობის უფლება მოგცა. წარმოგიდგენიათ?!..

როცა კერძო თვითმფრინავში ჩავჯექი, პილოტმა ჩემი სასოწარკვეთილი სახე შეამჩნია და მითხრა: „ნუ ნერვიულობ, ივეტს არასდროს დაუგვიანებია კონცერტზე, ლისაბონში თავის დროზე ჩავალთ.“

მეორე დღეს ოფისში ბენფიკას პრეზიდენტს ვესაუბრე. მან პირდაპირ მკითხა: „ამ შაბათ-კვირას შეძლებ თამაშს?“

„დიახ, შემიძლია ბატონო პრეზიდენტო“

ისევ სისულელე ვთქვი. საზარდულის ტრავმის გამო სიარულიც კი მიჭირდა.. ყველაფერი მტკიოდა..

მან გააგრძელა: „დამავიწყდა მეკითხა, როგორ გრძნობ თავს? ტრავმირებული ხომ არ ხარ?“

მე: „არა, ბატონო პრეზიდენტო მე დიდებულად ვგრძნობ თავს..“

პრეზიდენტი: „კარგი, ხვალ შევხვდებით..“

ტესტების ჩაბარებამდე წინასწარი 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე. როდესაც ექიმებმა საზარდულის ტრავმა აღმოაჩინეს, ფიზიოთერაპევტს დაუძახეს. მეზობელ ოთახში ვიყავი და მათ საუბარს ვუსმენდი. ერთ-ერთმა იკითხა:

„როგორ მივცეთ ამ ბიჭს ვარჯიშის უფლება? მან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ის ბენფიკას ფეხბურთელია.“

მეორემ უპასუხა: „ის ყოველდღე სამი საათით ადრე უნდა მოვიდეს, იმკურნალოს, ივარჯიშოს და შემდეგ კიდევ 3 საათით დარჩეს.“

მესამემ კი დაამატა: „კარგი, მაგრამ ტრავმის შესახებ პრეზიდენტმა და მწვრთნელმა არ იციან.“

ასე მოვხვდი ევროპულ ფეხბურთში. ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ იმ დროს იქ ყოფნა ძალიან რთული იყო. გუნდში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ნუნუ გომეში, სიმაუ საბროსა და ლუიზაო იყვნენ. ბენფიკას მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში იყო, რომელმაც მოგვიანებით პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

ვარჯიშის დროს დაიყვირა: „ეს ის ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც გამოგვიგზავნეს? ის უკან უნდა დაბრუნდეს!!“

ტკივილის გამო ვერაფერს ვაკეთებდი და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. სრული ფიასკოს წინაშე ვიყავი.. საბედნიეროდ, სულ მალე 6-საათიანი მკურნალობის შედეგად, ტკივილები გაქრა. მიუხედავად ამისა, თამაში მაინც არ მიწევდა. მშობლებს ვურეკავდი და ვეუბნებოდი: „დიახ მე სკამზე ვარ, მაგრამ შეიძლება კადრი სათადარიგოთა სკამზეც გადმოვიდეს და დამინახოთ.“

ერთ დღეს, ჩემი სახელი იმ ფეხბურთელების სიაში მოხვდა, რომლებიც პარი სენ ჟერმენთან სტუმრად უნდა გაფრენილიყვნენ(ევროპის ლიგა). მიზეზი? გუნდში ტრავმირებულები გვყავდა და განაცხადის შესავსებად საკმარისი ფეხბურთელები არ იყვნენ. სხვათა შორის, კოსტიუმი პირველად ჩავიცვი.. იქამდე არც ეიფელის კოშკი მქონდა ნანახი..

ვიცოდი, რომ ლუიზაოს ტრავმა აწუხებდა და ასე უნდა ეთამაშა. 35-ე წუთისთვის 1:0-ს ვიგებდით, რა დროსაც ლუიზაოს ტრავმა გაუმიზეზდა და შესაცვლელი გახდა. მისი პოზიციის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მე ვიყავი. სანტუშმა დამარცხებული სახით გამომხედა და მითხრა: „მოემზადე“..

შევდივარ მატჩში და 10 ტრაგიკული წუთი იწყება. შესვლიდან ძალიან მალე ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, რომელიც ჩემკენ წამოვიდა და აუცილებლად უნდა ჩამეჭრა, თუმცა ვერ მივწვდი და ანგარიში გათანაბრდა..

სულ ცოტა ხანში კი საჯარიმოში თავისუფლად მომატყუეს და 2:1 .. მიწაზე დავარდნილი ჩემთვის ვფიქრობ: „ჰო დევიდ, შენი ოცნება დასრულდა. ხვალ გუნდიდან გამაგდებენ.“ - ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბლენდერში ვიყავი..

გასახდელში შესვლისას ყველამ მე შემომხედა. ზოგი გაბრაზებული იყო, ზოგი კი საცოდავად მიყურებდა. ფერნანდუ სანტუში მეკითხება: „გინდა გამოგიყვანო?“ - ის ერთადერთი იყო, ვინც ჩემს გამო წუხდა..

ეს ჩემს კარიერაში საკვანძო მომენტი იყო..

რა თქმა უნდა, არის სხვა მომენტებიც, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.. მე უკვე მკვდარი ვიყავი და დასაკარგი რა მქონდა? ვუპასუხე: „არა, არა, არა! მეორე ტაიმში დაბრუნება მინდა“!

ტუალეტში გავედი და დასამშვიდებლად გულში ლოცვა ვთქვი.. სულის სიმშვიდე მჭირდებოდა..

2:1 წავაგეთ, მაგრამ იმდენად კარგად ვითამაშე, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ, მორიგ ტურში ლეირიას დავუპირისპირდით და იქაც მატჩის საუკეთესოდ დამასახელეს..

ამის შემდეგ, გულშემატკივრების, მწვრთნელის, პრეზიდენტის, ჟურნალისტების და თანაგუნდელების კეთილგანწყობა მივიღე. ბენფიკას დაცვის ცენტრში ახლა მე და ლუიზაო ვიდექით..

მაგრამ გახსოვთ, რომ ჩემი კონტრაქტი მხოლოდ 6-თვიანი იყო? ზუსტად 1 თვეში ორი შეთავაზება მოვიდა. იმ დროისთვის კვირაში 2000 ევროს ვიღებდი. პირველი შეთავაზება თვითონ ბენფიკასგან იყო, რომელიც 5-წლიან კონტრაქტს და თვეში 5000 ევროს მთავაზობდა. მეორე პორტუდან. ისინი ასევე 5-წლიან კონტრაქტს, მაგრამ თვეში 10 000 ევროს მპირდებოდნენ..

ჩემი მშობლები ჯერ კიდევ დიადემაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და ისინი გვიანობამდე მუშაობდნენ..

დაბნეული ვიყავი..

მამას დავურეკე, რომ რჩევა მეკითხა. იცით რა მიპასუხა? „ახლავე მოაწერე ხელი ბენფიკასთან. მათ საშუალება მოგცეს მაშინაც კი, როცა დაშავებული იყავი. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რათა ამ დონემდე მოსულიყავი. აუცილებლად ბენფიკას შემოთავაზებას დათანხმდი.“ ვიცოდი, რომ მამა ამას იტყოდა. მისი სიტყვები გადამწყვეტი აღმოჩნდა.

თითქმის 15 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარძაყის კუნთის 8 სანტიმეტრიანი დარღვევით ვითამაშე. ბენფიკაში ტკივილის გამკლავებამ და საზარდულის ტრავმით თამაშმა ყველაფრის გამკლავების იმუნიტეტი გამომიმუშავა. ბაიერნთან ფინალი ასევე შესანიშნავი ფილმი იქნებოდა..

ამ მატჩისთვის ყველაზე მეტად მოვემზადე. ვუყურებდი რობენის, რიბერის და მარიო გომესის ვიდეოებს. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩელსის ყველაზე დიდი ამბიცია იყო.. ეს იყო უპრეცედენტო ტიტული კლუბისთვის, რომელმაც 4 წლის წინ მანჩესტერ იუნაიტედთან ფინალი წააგო..

მატჩისწინა ვარჯიშზე, ბურთთან თითოეული შეხება საშინელ ტკივილს იწვევდა. დავრბოდი და თან ცრემლები მომდიოდა, მაგრამ გავძელი! ვარჯიშის ბოლოს ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან ერთად სასეირნოთ გავედი, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ.

მან მითხრა: „არ ვიცი რა გითხრა. შენი მდგომარეობა ხვალ თამაშს გამორიცხავს. ასეთი ტრავმით სიარულიც კი არ უნდა შეგეძლოს..“

მე: „შეუძლებელია, გამორიცხე! მე უნდა ვითამაშო.“

ჯონ ტერის წითელი ბარათი ჰქონდა. ივანოვიჩსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ჩვენი შემადგენლობა შესუსტებული იყო და დაცვის ხაზში მხოლოდ კეჰილი იყო ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მეთამაშა. სწორედ ამიტომ მას ვუთხარი:

„მისმინე, მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ბრაზილიელი არსებობს. ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ 200 000 მილიონიდან ჩელსის მხარეს მხოლოდ მე ვიქნები. რამირესს დისკვალიფიკაცია აქვს. ბაიერნს რაფინია და ლუიზ გუსტავო ჰყავს. სავარაუდოდ ორივე სკამზე იჯდება და მე ვარ მხოლოდ ერთადერთი ბრაზილიელი, რომელსაც ახლა ძირითადში თამაში და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა შეუძლია. სკამზე ვერ დამსვამთ! წარმოდგენაც არ გაქვს, რა გავაკეთეთ მე და ჩემმა ოჯახმა, რომ აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, გთხოვ წადი და უთხარი დი მატეოს, რომ თამაში შემიძლია.“

და მე ვითამაშე..

ბაიერნი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ პენალტების სერიაში ჩვენ გავიმარჯვეთ. ერთი თერთმეტმეტრიანი მე გავიტანე და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია.

ამ დიდებულ ტიტულს მიუნხენში მთელი ღამის განმავლობაში აღვნიშნავდით და ლონდონში მეორე დღეს დავბრუნდით. ქუჩებში აღლუმი ჩავატარეთ და მხოლოდ ღამით, როცა ყველაფერი დასრულდა, ტკივილმა ისევ იჩინა თავი.. ბარძაყის უკანა მხარეს დავხედე და დაზიანებაზე საშინელი, უზარმაზარი სისხლჩაქცევა იყო. კუნთი მთლიანად დამერღვა..

ფეხბურთმა ბევრი შესანიშნავი მომენტი მომცა, მაგალითად ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ვფიქრობ, არაფერმა გამხადა ისეთი ბედნიერი, სრულფასოვანი და მადლიერი, როგორც ერთმა გიჟურმა რაღაცამ, რაც პსჟ-ში თამაშის დროს გავაკეთე.

პარიზში გადასვლიდან რამდენიმე თვეში, ჩემთან რამდენიმე ძველი მეგობარი მოსანახულებლად მოვიდა. ისინი ცოლს და შეყვარებულს იყვნენ დაშორებულები და ცუდ ხასიათს ვერ მალავდნენ. მათი დახმარება და მდგომარეობის გაუმჯობესება მსურდა.

დროებით ჩემთან ვაცხოვრებდი. ისინი მალე შეხვდნენ სხვა ბრაზილიელებს, რომლებიც მეშვიდე დივიზიონში საბუთების გარეშე თამაშობდნენ. ჩემი მეგობრები ყოველ ღამე გაბრაზებულები მოდიოდნენ, რადგან თამაშებს სულ აგებდნენ. ერთ დღესაც, დავპირდი, რომ მათი თამაშის საყურებლად წავიდოდი..

ისე ჩავიცვი, რომ ვერავის ვეცნე. ჩემი მეგობრების გუნდს ეკიპირება არ ჰქონდა და არეულობა სუფევდა. მოწინააღმდეგეს კი ეკიპირებიდან დაწყებული, წყლის ბოთლით დამთავრებული ყველაფერი ჰქონდა..

რა თქმა უნდა, ის თამაშიც წააგეს და შემდეგ მე ვკითხე:

„გინდათ თქვენი გუნდი მე გავავარჯიშო?“

არასდროს დამავიწყდება იმ ბიჭების ღიმილი. ისინი ძალიან ბედნიერები და აღფრთოვანებულები იყვნენ..

მათ ყოველ ორშაბათს ვავარჯიშებდი, სამშაბათობით კი ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდი. ორშაბათი დღე ძალიან შემიყვარდა, ბიჭებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდებოდი. ვსაუბრობდით, ბევრს ვუსმენდი და მათზე უამრავი ისტორია მოვისმინე..

თითოეულს მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი. პარიზში ცხოვრების პერიოდში, ძალიან ეშინოდათ არალეგალური სტატუსის გამო, მაგრამ ფეხბურთი მათ აბედნიერებდა..

პსჟ-ში პირველი შვებულების დროს, ბრაზილიაში მშობლებთან გავემგზავრე. დედაჩემთან საუბარი მსურდა.

დედას ვთხოვე, რომ ბიჭებისთვის ერთნაირი მაისურები შეეკერა. მან პოლოს სტილის ყველა ზომის სამგზავრო მაისური დაამზადა. S, M, L, XL..

პარიზში 21 პარკით დავბრუნდი. ბიჭების თავდადება მათ სიხარულთან ერთად იზრდებოდა. ვარჯიში უკვე კვირაში ორჯერ დავიწყეთ, შემდეგ სამჯერ. მეექვსე დივიზიონში ავედით და სეზონის დასრულების შემდეგ, გიჟური იდეა გამიჩნდა. მინდოდა მათთვის დაჯილდოების ცერემონია მომეწყო, ისე, როგორც ამას პსჟ აკეთებს.

ციხის მსგავსი ღამის კლუბი ვიქირავე, სადაც მატუიდიმ თავისი დაბადების დღე გადაიხადა. მათ თამაშს ყოველთვის ვიღებდი და დაჯილდოების ცერემონიაზე არაერთი ნომინაცია გამოვარჩიე. წლის საუკეთესო გოლი, მეკარის საუკეთესო მოგერიება, საუკეთესო ბომბარდირი.. და ამ ყველაფრის დიდ ეკრანზე ჩვენებას ვგეგმავდი. შემდეგ თითოეული ნომინაციის გამარჯვებულისთვის სპეციალური თასები შევუკვეთე. რა ერგებოდა სხვებს? შევუკვეთე ხის პატარა დაფები, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. ყველაფერი იდეალური იყო და წინა დღეს ბიჭებს დავურეკე:

„გააქვთ თეთრი პერანგი და შავი მოსაცმელი წვეულებისთვის?“ - არავის ჰქონდა და ყველას მე ვუყიდე..

შემდეგ მათ შეყვარებულებზე და ცოლებზე დავფიქრდი. თითოეულ ფეხბურთელს ფული მივეცი, რომ მეორე ნახევრებისთვის შესაფერისი კაბა ეყიდათ. წვეულების ღამე დადგა..

იცით? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური მომენტი იყო.. ისეთივე მაგარი, როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგება..

საცეკვაო მოედანი, ვახშამი, წითელი ხალიჩა, ინტერვიუების ფონი.. დავინახე, როგორი ბედნიერები იყვნენ ის ბიჭები და მათი ოჯახები.. ეს იყო ნამდვილი სიხარულის კარგი განცდა, რადგან იქ ყველა, მათ შორის მეც, თავისუფლები ვიყავით. ჩვენ რაღაც უნიკალური შევქმენით!! თითოეულმა რაღაც დიდის ნაწილად იგრძნო თავი.. ღამის ბოლოს ციხის პატრონმა, რომელიც ყველაფერს კუთხის მაგიდიდან უყურებდა, დამირეკა და მითხრა:

„დევიდ არ ვაპირებ, რომ ქირის საფასური გამოგართვა, უბრალოდ მინდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. მომეცი უფლება ზეიმში ჩავერთო..“

ეს იყო დაუვიწყარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და ამ ბიჭების ყოველთვის მადლობელი ვიქნები. განა ისინი ჩემ გარეშე ამ ყველაფერს განიცდიდნენ?

დიდი ალბათობით ვერ..

მაგრამ, მათ გარეშე, რა თქმა უნდა, არასდროს მექნებოდა ასეთი სასიამოვნო მომენტები. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მაგალითი მივცე იმ კომპანიების მენეჯერებს, რომლებსაც სურთ ისაუბრონ პროდუქტიულობაზე, ვალდებულებებზე, ყველაფრის გაცემაზე და კომპანიისთვის საუკეთესოს კეთებაზე, მაგრამ რეალურად ისინი მხოლოდ ზემოდან უყურებენ თავიანთ თანამშრომლებს..

მეგობრებო, ადამიანებს მოსწონთ, როცა თავს რაღაცის ნაწილად თვლიან. ამას აფასებენ და ასევე სურთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმეს იმედი ჰქონდეთ.. ყველა სხვაზეა დამოკიდებული და ყველას უყვარს ჩახუტება.. და მარტო ჩახუტება არ არის საკმარისი..

საჭიროა სოლიდარობა, შესაძლებლობა და კარგი ანაზღაურება, რადგან სამართლიანი ხელფასი არის ის, რაც აფასებს ადამიანს. ბედნიერი ადამიანები უკეთ მუშაობენ, რადგან უკეთესად ცხოვრობენ. საკმაოდ მარტივია და ბედნიერება უბრალოებაშია!!

მე სწორედ ამას ვეძებ დღეს - სიმარტივეს.. ფულზე არ ვსაუბრობ!! გრძნობებს ვგულისხმობ.. კარიერის მანძილზე უამრავი ტიტული მოვიგე, 60 000 კაცი ჩემს სახელს ერთდროულად ყვიროდა, მაგრამ შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი და ვერავის ვეხუტებოდი..

შეგიძლიათ იმოგზაუროთ კერძო თვითმფრინავით, მოაწყოთ წვეულება ციხესიმაგრეში, გქონდეთ ბინა ლისაბონში ან ეწვიოთ რამდენიმე ქვეყანას, მაგრამ ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილი სახლის დივანია. ეს არის ადგილი, სადაც არ არის მძიმეები, ციტატები, ჩრდილები და ეჭვი..

სახლში, დივანზე ჯდომა იმ ადამიანების გვერდით, ვინც ჩვენ გვიყვარს, ნამდვილი ჭეშმარიტებაა. ამ დროს არაფერზე ყოყმანობ, არც ანალიზს აკეთებ.. იქ ჩვენ გვაქვს დრო და სივრცე, რომ გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიგრძნოთ და ვიყოთ საკუთარი თავი, რადგან ვიცით, რომ როდესაც ჩვენ სხვებისთვის ვცხოვრობთ, ყოველთვის გველოდება ორი მკლავი, რომელიც ჩაგეხუტება..

სამწუხაროდ, დღეს ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაზე არიან დამოკიდებულები, ეჭვი ეპარებათ, რომ მარტივი რამ კარგია. ასე რომ, თავიანთ დღეებს გარკვეული მნიშვნელობის მისაცემად უაზროდ ხარჯავენ. ისინი მიექანებიან იქით, სადაც ყველა ერთნაირია, ყველა უფრო მეტ დროს კარგავს, ვიდრე სიამოვნებას იღებს და სადაც ადამიანებს ფასი აქვთ ღირებულების ნაცვლად..

სულ ესაა.. მგონი ბევრი გესაუბრეთ, არა? იმედი მაქვს, ჩემი მშობლები არ არიან ერთადერთი, ვინც ამას წაიკითხავს.. ეს რეალური დევიდ ლუიზია..

ორი მასწავლებლის შვილი, რომელიც ცოტ-ცოტას ყველაფერს ფეხებთან ბურთით ატარებდა..

თბილი ჩახუტება ყველას, ღმერთი იყოს თქვენთან!!..

გაზიარება: