MLS დაიწყო - ლობჟანიძის საგოლე პასი და ატლანტას გამარჯვება
ამერიკაში MLS დაიწყო. პირველივე ტურში ატლანტამ მონტრეალს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი საბა ლობჟანიძემ შეიტანა, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.
ანგარიში 42-ე წუთზე ლატე ლათმა გახსნა, რომელსაც კუთხურიდან საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაუკეთა.
პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 47-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 63-ე წუთზე ლათმა დუბლი შეასრულა და ატლანტა დააწინაურა. 71-ე წუთზე ოვუსუმ ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ.
85-ე წუთზე ალმირონის პასი მოსკერამ გამოიყენა, მესამე გოლი გაიტანა და ატლანტას სეზონი გამარჯვებით დააწყებინა.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ საბა ლობჟანიძემ სეზონი შედეგიანი ქმედებით გახსნა. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა MLS-ში 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემდეგ ტურში, ატლანტა შარლოტს ესტუმრება.