წიტაიშვილმა გაიტანა - კაცნაკლულმა გრანადამ ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა
ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში „გრანადა“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი იცავს, შინ „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (2:2).
23-ე წუთზე აბდერაჰმან რებახმა ლამაზი დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. 35-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან „გრანადას“ ნახევარმცველი, გონსალო ვილიარი გააძევეს, რის შემდეგაც „სარაგოსამ“ უფრო თამამად შეუტია, „გრანადა“ კი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა.
მეორე ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად „გრანადამ“ მეორე გოლიც გაიტანა - 48-ე წუთზე თავი სწორედ წიტაიშვილმა გამოიჩინა.
წიტაიშვილის გოლი:
მატჩის მიწურულს სტუმრებმა ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, შემდეგ კი ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს - დუბლით თავი შეცვლაზე შესულმა ალბერტო მარიმ გამოიჩინა.
რაც შეეხება წიტაიშვილს, ფრან ესკრიბამ ის ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა განაპირა მცველის პოზიციაზე დააყენა, თუმცა დაახლოებით მე-15 წუთიდან ფლანგი შეუცვალა და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გადაიყვანა.
წიტაიშვილმა 78 წუთი ითამაშა, Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 23 შეხება ბურთთან, 10-დან 6 ზუსტი პასი (60%), 1 საკვანძო პასი, 2 ზუსტი ჩაწოდება, 1 დარტყმა კარში, დრიბლინგის 3 წარუმატებელი მცდელობა, 6-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 10 დაკარგული ბურთი.
28 მატჩის შემდეგ წიტაიშვილის გუნდს 43 ქულა აქვს და ლა ლიგა 2-ის მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „გრანადა“ 2 მარტს, გასვლაზე, „კორდობას“ წინააღმდეგ გამართავს.