საფიულინს ვერ მოუგო - ბასილაშვილი დუბაის კვალიფიკაციაზე დამარცხდა
დუბაის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილშვილი რომან საფიულინს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ სამ სეტში 6:7 6:3 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა მატჩი ცუდად დაიწყო და თავისი პირველივე ჩაწოდება დათმო. რომანი წინ გავიდა, თუმცა მეშვიდე გეიმში ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. პირველი სეტის გამარჯვებულის ვინაობა ტაი-ბრეიკზე გაირკვა, სადაც უკეთესი საფიულინი იყო. რუსმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზის სამი მოწოდება მოიგო და 7:1 დააფიქსირა.
მეორე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ქართველ ჩოგბურთელს 6 ბრეიკ პოინტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა. მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და მოიგო.
მესამე სეტში ჩოგბურთელებს დაღლა შეეტყოთ. საკუთარ ჩაწოდებებს მარტივად იგებდნენ, თუმცა მერვე გეიმში საფიულინი უკეთესი იყო, ბრეიკი შეასრულა, მატჩზე ჩააწოდა და შეხვედრა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ATP რეიტინგში 383 ქულით 150-ე პოზიციას იკავებს.