გულიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | სარაევოს ქართველმა უკაპიტნა
ბოსნიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო დერბი გაიმართა, მეოთხეადგილოსანმა „ზელეზნიჩარმა’’ მესამეადგილოსან „სარაევოსთან'' 0:0 ითამაშა.
სტუმართა გუნდს ზედიზედ მეორე მატჩში (პირველად თასზე) გიორგი გულიაშვილმა უკაპიტნა, სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის დასაწყისში ქართველ ფორვარდს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მცველს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმიდან კიდევ ორი მომენტია გამოსარჩევი, გულიაშვილის ბრწყინვალე პასი გარე ტერფით თანაგუნდელზე და ტაიმის მიწურულს მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარემ აუღო.
მეორე ტაიმშიც აქტიურობდა, 48-ე წუთზე თანაგუნდელს გოლის გატანის შესანიშნავი მომენტი შეუქმნა, თუმცა ადრესატმა ბურთი კარს ააცილა.
გულიაშვილის თანაგუნდელი ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც „სარაევოს'' ამ ზამთარში შეუერთდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
18 ტურში „სარაევომ'' 39 ქულა დააგროვა და ლიდერ „ზრინსკის'' 9 ქულით ჩამორჩება („ზრინსკიმ'' 19 მატჩი ჩაატარა).
23 წლის გულიაშვილი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ბოსნიის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 20 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. სამწუხაროდ, სამი პენალტი ვერ გამოიყენა. სამივე რომ გაეტანა, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 12 გოლით პირველზეა.
ფეხბურთელი, რომელიც შემოდგომაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, Transfermarkt-ის მონაცემებით 1,5 მილიონი ევრო ღირს.
გასული წლის დეკემბერში „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა.