„კვარა გუნდის გასაძლიერებლად შევიძინეთ“ - ლუის ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ლიონთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრედლი ბარკოლას შორის კონკურენციაზე ისაუბრა.
ლუის ენრიკე:
„ვფიქრობ, „ლივერპულის“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიასთან მოგვიწევს თამაში. ერთ-ერთი საუკეთესო მერვედფინალი იქნება. მიხარია, რომ ერთმანეთს ძალიან მაღალი დონის ორი გუნდი შეხვდება და სანახაობრივ მატჩს შემოგვთავაზებს.
„ლიონმა“ ცოტა ხნის წინ მწვრთნელი გამოიცვალა, ამიტომ მათ თამაშში ნაკლები ავტომატიზმი იქნება, თუმცა გასვლითი მატჩი ყოველთვის რთულია, ვიცით მათი ძლიერი მხარეები. „ლიონი“ საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ისინი ევროთასებზეც თამაშობენ. რთულ მატჩს ველოდებით, მოსაგებად მაღალი დონე უნდა ვაჩვენოთ.
არ ვფიქრობ, რომ ჩვენს სეზონში რაღაც გარდამტეხი მომენტი გვქონდა. ყოველთვის ვიცავდი ჩემს გუნდს, არჩეული კურსიდან არ გადაგვიხვევია. დღეს ერთ ან ორ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული. წარმატების საფუძველი ჩვენი კოლექტიური თამაშია.
კვარას შეძენის მიზანი გუნდის გაძლიერება იყო. პარი სენ-ჟერმენის ძირითადში ადგილის დამკვიდრება რთულია. ყველა ერთმანეთის მოტივატორი და კონკურენტია. გასული სეზონის მეორე ნაწილში ბარკოლა ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მას დიდი მომავალი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. თუმცა ის შეესაბამება ჩვენს სათამაშო სტილს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ჩემი მიზანია, რომ მან პროგრესირება გააგრძელოს, ისევე როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელებმა“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან - მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.