ლუკა დონჩიჩი, დირკ ნოვიცკი
Aa
Aa

ნოვიცკი: „ლეიკერსს არასოდეს ვუგულშემატკივრებ“

ლუკა დონჩიჩმა უკვე მოასწრო თავის ახალ კლუბ „ლეიკერსში“ რამდენიმე მატჩის ჩატარება, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სლოვენიელ კალათბურთელს ლოს-ანჯელესის გუნდში ადაპტაციის გავლა უჭირს და ჯერჯერობით იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს, რის დემონტრირებასაც „დალასში“ ახდენდა. დონჩიჩის თაობაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა „მავერიქსის“ გერმანელმა ლეგენდამ დირკ ნოვიცკიმ, რომელიც მომხდარით ჯერ კიდევ გაოცებულია.

დირკ ნოვიცკი

როდესაც ამ ტრეიდის შესახებ შევიტყვე, აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, მეც შოკირებული ვიყავი. მთელი მომდევნო საათები სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავატარე, რადგან ბოლომდე ვინარჩუნებდი იმის იმედს, რომ ეს ყველაფერი ჭორი აღმოჩნდებოდა.

ამის შემდეგ თავად ლუკას დავუკავშირდი და როდესაც „ლეიკერსში“ გადასვლა დამიდასტურა, უზომოდ მოვიწყინე. საუბრის ბოლოს დონჩიჩმა ახალ გუნდში თავის სადებიუტო მატჩზე დასასწრებად დამპატიჟა და უცბად ვიგრძენი, რომ აუცილებლად მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი.

ის ძალიან მაგარი ადამიანია და ვაცნობიერებ, რომ კარიერის ახალი ეტაპის სტარტზე თანადგომა დასჭირდება. მის და მისი ოჯახის წევრების გვერდით ვიქნები, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინო, მაგრამ ალბათ სახეზეც მაწერია როგორია ამ ტრეიდის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. უცნაურია და ვერცკი წარმომიდგენია, დონჩიჩმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში როგორ უნდა ითამაშოს. მაპატიეთ, მაგრამ ამ კლუბს არასოდეს ვუგულშემატკივრებ, ლუკას ქომაგი კი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები.

დირკ ნოვიცკი NBA-ში მთელი კარიერის მანძილზე, 1998-2019 წლებში „დალასში“ თამაშობდა და 2011 წელს „მავერიქსს“ ჩემპიონის ტიტულიც მოუტანა, თავად კი ფინალური მატჩის MVP გახდა. გერმანელ კალათბურთელს საერთო ჯამში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობის 21-წლიან პერიოდში 31 560 ქულა, 11 489 მოხსნა და 3 651 შედეგიანი გადაცემა აქვს დაგროვებული.

 

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საპროტესტო აქციები დონჩიჩის გამო - დალასი დისტანციურ რეჟიმზე გადადის
საპროტესტო აქციები დონჩიჩის გამო - დალასი დისტანციურ რეჟიმზე გადადის