ნიორაძის ლელო და პაპუნაშვილის საჯარიმო - ორიაკს ქართველებმა მოაგებინეს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ქართველმა ლეგიონერებმა, ლუკა ნიორაძემ და დაჩი პაპუნაშვილმა წარმატებული მატჩი ჩაატარეს. პრო D2-ის XXI ტურში „ორიაკმა“ საკუთარ სტადიონზე „აჟენი“ 8-ქულიანი სხვაობით, 34:26 დაამარცხა და მართალია მასპინძლების შემადგენლობაში უგო სენესი ყველაზე შედეგიანი გახლდათ, თუმცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში თამაში საკუთარ თავზე მაინც ნიორაძემ აიღო და მეტწილად განაპირობა თავისი გუნდის წარმატება.
პირველი ნახევარი „ორიაკმა“ 22:7 მოიგო და ოცდაორიდან სამი ქულა დაჩი პაპუნაშვილმა დააგროვა, რომელმაც მე-8 წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში აჟენელებმა გაიბრძოლეს და სხვაობის შემცირებაზე როდესაც უნდა დაეწყოთ ზრუნვა, საქმეში ლუკა ნიორაძე ჩაერთო და 61-ე წუთზე მასპინძლების შერკინების კვაჭმა ლელო დადო. საბოლოო ჯამში ორიაკელებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და წინა ტურში „გრენობლთან“ (14:75) დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, გულშემატკივარი საშინაო არენაზე გაახარეს.
ოცდაერთი ტურის შემდეგ დაგროვებული 42 ქულით „ორიაკი“ მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი ნიორაძე, პაპუნაშვილი და მათი თანაგუნდელები 28 თებერვალს, სტუმრად „ანგულემთან“ ჩაატარებენ.